შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე ეწვია

ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) დელეგაციასთან ერთად ეწვია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ცენტრის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
JMOC–ის წარმომადგენელმა ნატოს დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და არსებული ინფრასტრუქტურა გააცნო.
შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით შეიქმნა.
მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს.
ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები