კახა კუჭავა: გარემოს დაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი თითქმის 46 მლნ ლარს შეადგენს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პირველ ვიცე-პრემიერს საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, თუ რა დადებითი შედეგები გამოიღო ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობამ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყეს.
„ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რაც მივაღწიეთ გარემოს დაცვის მიმართულებით – ეს აისახა იმ გაზრდილ ბიუჯეტში, რომლის შესახებ ჩვენ უკვე მოვისმინეთ დღეს. მთლიანობაში 2018 წლის ბიუჯეტი თითქმის 46 მლნ ლარს შეადგენს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის და ეს 12-14 მლნ ლარით მეტია ვიდრე წინა წლის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ უჩვენებს იმ ტენდენციას, თუ რამდენად პრიორიტეტული ხდება ნელ-ნელა გარემოს დაცვის სამინისტრო და ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში დგას გარემოს დაცვის მიმართულებით“ – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ყველაზე დიდი ნაწილი გაზრდილი ბიუჯეტიდან მოდის დაცულ ტერიტორიებზე, საინტერსოა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ დაცული ტერიტორიების კუთხით პოპულარული და წარმატებული მართვის სისტემები შექმნა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ გაიზარდა ასიგნებები იმისათვის, რომ დაემატოს ტყის მცველებისა და დაცული ტერიტორიების რეინჯერების რაოდენობა, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას და როგორც იქნა, ამ ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული, რომ რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ აქვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იზრდება მათი ხელფასების ოდენობაც.
კახა კუჭავას თქმით, მათი სამუშაო საკმაოდ მძიმეა და აუცილებელი იყო, რომ ეს დაფასებულიყო, კადრების გადინება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და იგი იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებებით უკვე შევძლებთ შევინარჩუნოთ კადრები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, სწრაფი რეაგირების სამსახურის გაძლიერების მიზნით, გაიზარდოს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კადრები. „ეს ის ტენდენციაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და ყოველწლიურად თუ მოხდება გაძლიერება გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა მან.

კახა კუჭავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ის საკითხიც, რომელიც უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელსაც ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასრულებს – ჩვენ წელს მივიღეთ კანონი გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ და კანონის აღსრულება დაიწყება პირველი იანვრიდან.
კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში, რომლის შედეგადაც იზრდება როგორც კადრების რაოდენობა, ასევე იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ უფრო სრულფასოვნად მოხდეს კანონის აღსრულება პირველი იანვრიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები