ზვიად მუკბანიანი: უფილტრო სიგარეტის არარსებობის პირობებში, საქართველოში მკვეთრად მოიმატებს კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი

უფილტრო სიგარეტის, ანუ უფრო იაფიანი ალტერნატივის არარსებობის პირობებში, საქართველოში მკვეთრად მოიმატებს კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი, – ამის შესახებ სიგარეტ „პირველის“ მწარმოებელი ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ზვიად მუკბანიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზვიად მუკბანიანმა “ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უფილტრო სიგარეტის მწარმოებელი ორგანიზაციების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ მკაცრად ებრძვის ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის არსებობას, ვფიქრობ, რომ უფილტრო სიგარეტის, ანუ უფრო იაფიანი ალტერნატივის არარსებობის პირობებში, საქართველოში მკვეთრად მოიმატებს კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის არსებობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასწორია ის გათვლები, რომ ბიუჯეტს თითქოს რაიმე აკლდება. არაფერი არ აკლდება, ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ საშუალება იყიდონ უფრო ძვირადღირებული თამბაქოს ნაწარმი და აგრეთვე ეს არის გარკვეულწილად შემაფერხებელი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანა არ წალეკოს კონტრაბანდამ. კონტრაბანდა ძალიან რთული თემაა ყველა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სადაც რთულია კონტრაბანდასთან ბრძოლა ობიექტური მიზეზების გამო, იმიტომ, რომ, სადაც არსებობს მაღალი გადასახადები და მაღალი მოთხოვნა თამბაქოს ნაწარმზე, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ იპოვონ იაფი ალტერნატივები კონტრაბანდის სახით, რაც ჩვენი აზრით დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, -განაცხადა ზვიად მუკბანიანმა.
ეკონომისტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები მოგების გასაზრდელად ფილტრიან სიგარეტს ორ ნაწილად ყიდიან. ამის მიზეზი კი, სიგარეტის აქციზის საფასურია, რადგან უფილტრო სიგარეტი ნაკლებ ფასად იბეგრება.
მათი მტკიცებით, საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც სიგარეტის აქციზის საფასურს არეგულირებს, ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო 9 თვეში 50 მილიონით აზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები