ზურაბ ალავიძე: ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება
„ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რკინიგზა წინ წაწევს როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის.
„ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა უკვე ოფიციალურად გაიხსნა და დღეიდან მოძრაობას დაიწყებს ტვირთები. ამიტომ, მნიშვნელოვანი დღეა, როგორც იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს რკინიგზა გადის, ისე – განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ეს რკინიგზა იქნება შემადგენელი ნაწილი ანაკლიის პორტისაც. ანაკლიის პორტის მეშვეობით, ამ რკინიგზიდან გამომდინარე, ნაკადები თურქეთში მოხვდება. ეს პროექტი წინ წაწევს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის“,- განაცხადა ალავიძემ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად დღეს გაიხსნა.