გიორგი მარგველაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი მიიღო.

შეხვედრისას საუბარი საქართველო-ირლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეეხო, რომელიც როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ირლანდიელ სტუმარს გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ხურვალეთთან მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა მიიღო.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე  ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები