მიხეილ ჯანელიძე: ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ ქვეყნის განვითარების პოლიტიკაცაა

„ჩვენ შეგვიძლია მეტის გაკეთება და ნამდვილად არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვცდილობთ მივიღოთ უფრო მეტი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამით შევქმნათ მეტი შესაძლებლობები ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა GCSD-ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საბოლოო მიზანს ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს და სხვა ალტერნატივები არ განიხილება.

მინისტრის შეფასებით, ეს ფანჯარა იმ შემთხვევაში გაიხსნება თუ საქართველო მზად იქნება ამისთვის, ხოლო მთავრობა აღნიშნულის მისაღწევად კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან აქტიურად აგრძელებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაზე ორგანიზაციის გაფართოების საკითხებზე, რა დროსაც მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი კომისია იქნება გაფართოებაზე ორიენტირებული.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირის ორიენტაცია გაფართოებაზე ახალ შესაძლებლობებს აჩენს და საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანა იდგეს ამ დღის წესრიგში და განიხილებოდეს აღნიშნულ კონტექსტში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ სამიტს საქართველო კარგ ფორმაში ხვდება. მინისტრის შეფასებით, საქართველოს მზაობა გულისხმობს იმას, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში 2009 წელს დაგეგმილი და დასახული ძირითადი მიზნები საქართველომ და ევროკავშირმა შეასრულეს, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას და მის იმპლემენტაციას, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, ვიზალიბერალიზაციას, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და სხვა.

„ევროპული ინტეგრაცია დღეს აღარ არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, არამედ იქცა შიდა პოლიტიკის პრიორიტეტად. ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან გაცხადებული პოლიტიკა და ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად მივყვებით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები