“წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა”

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის 9 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7%-ია.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2017 წელს სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი.
 მიმდინარე წლის სექტემბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
• დამამუშავებელი მრეწველობა
• მშენებლობა
• ვაჭრობა
• ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება
• სასტუმროები და რესტორნები
 2017 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, გაიზარდა პროდუქციის ექსპორტი შემდეგ სექტორებში:
 ფეროშენადნობის ექსპორტი 207%-ით,
 ღვინის ექსპორტი 90%-ით,
 სპირტიანი სასმელების ექსპორტი 41%-ით,
 მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 55%-ით,
 აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 149%-ით.
ჩანართი: შეგახსენებთ რომ 2017 წლის 9 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
 საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საგარეო მოთხოვნის ზრდასთან.
 საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის სექტემბერში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:
• 25.2%-ით გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და 304.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების ექსპორტში არსებული დადებითი ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა.
• 24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 124.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები