ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგი კუმურდოში ჩატარდა

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. დღეს სწავლებას კუმურდოს საზოგადოებრივმა ცენტრმა უმასპინძლა. როგორც ცნობილია,  კუმურდო ეროვნული უმცირესობებით დასახლებული სოფელია. შესაბამისად, ტრენინგი ორ ენაზე ჩატარდა.

სლოგანით „იმოქმედე!” იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება. სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.

კამპანიის მიზანი  საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პაკეტი განსაზღვრავს. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთ; ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით ისარგებლონ.

სპეციალურად მომზადებული პროგრამით  ტრენინგის მონაწილეები ზოგად ინფორმაციას იღებენ, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა  აქვს მას პიროვნებასა და საზოგადობაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გაუღრმავდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა.

უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://tcj.gov.ge/ka/news/378/.

თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, ტრენინგები თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები