საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შვიდი ათასი მოსწავლე სწავლობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა 167-დან 7000-მდე გაიზარდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეებს 1400-ზე მეტი დამატებითი სპეციალისტი (სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი და ა.შ.) ემსახურება, ასეთ მონაცემს შეიცავს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია, რომელიც 2017-2021 წლებზეა გათვლილი.

„ყოველწლიურად იზრდება ინკლუზიური განათლების ხარისხი და ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, თუმცა მასში ასევე ნათქვამია, რომ სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორების, ასევე ფსიქოლოგების კვალიფიკაცია განვითარებას საჭიროებს.
სტრატეგიის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობის ხარისხი.
ტერმინი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცესში, რომელსაც აწყდება მოსწავლე და რომლის დაძლევაც მას სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს. თუმცა სირთულეები სწავლის პროცესში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ ახასიათებს.

2016-2017 სასწავლო წლის სტატისტიკის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 564 729-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები