თბილისის იუსტიციის სახლის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისელ მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. მოხალისეებს სერტიფიკატები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მარიამ ლაცაბიძემ გადასცეს. თათია ხოჭოლავამ ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროგრამის მიზანი მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობაა.

„მოხალისე“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ ერთობლივი პროგრამაა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს.

პროგრამის მონაწილეებისთვის თავდაპირველად  გარკვეული ტრენინგკურსი ტარდება, რომლის ფარგლებშიც თეორიული ნაწილის გარდა მოქალაქეებთან კომუნიკაციის იმიტირებული შემთხვევებიც თამაშდება. ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდები უფრო მომზადებული ერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში. მოხალისეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით გარკვეული დროის განმავლობაში ეხმარებიან.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 19 ფილიალში,  ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. იუსტიციის სახლის მომხმარებელს  საშუალება აქვს, ერთ სივრცეში  400-მდე სერვისი მიიღოს.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 14-21 წლის 2 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები