თამაზ მეჭიაური “საიას” მადლობას უხდის: არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა

პარტია „ერთიანი საქართველისთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მადლობას უხდის.

შესაბამისი კომენტარი მან მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

“უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა სიმპატია და მექნება. რაღაც საკითხებში დავუშვათ ნატოში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდე ჩემი პოზიცია და მათ თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მცხეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო – საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მეოცე უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები