„ძლიერთა თამაშების“ ქართველი გამარჯვებულები Tbilisi Huawei-ის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს

„ძლიერთა თამაშები 2017“-ის (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის კატეგორიაში გამარჯვებული დაჭრილი ქართველი სამხედროები, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ეგიდით, Tbilisi Huawei Technologies Co. წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ოქროსმედალოსნებს Huawei-ის ფირმის ფიტნეს სამაჯურები გადასცეს და დამსახურებული გამარჯვება მიულოცეს. ფიტნეს სამაჯურები დაშავებული სამხედროების ფიზიკური მზადყოფნისა და სპორტული აქტივობის მონიტორინგს ახორციელებს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ასევე უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ღონისძიების ორგანიზატორებს ქართველი სამხედროების გულშემატკივრობისა და საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს.
საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გაიმართა.

წელს კანადაში ჩატარებულ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ ფინალურ შეხვედრაზე ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. Invictus Games-ის გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები