აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თბილისის 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა.

როგორც “კვირას” განათლების სამინისტროდან აცნობეს, დასკვნის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, სამინისტროში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული”,-ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირიდან 67-ე სკოლაში, პერიოდულად, მე-7-8-9 კლასებში საგაკვეთილო პროცესი წყდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს. მათი უკმაყოფილება ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლებას მოჰყვა, რის შესახებაც ინფორმაცია დირექტორმა დაადასტურა. ამავე დროს, შსს-ს ინფორმაციით, ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიზეზი ის არის, რომ ერთ-ერთი მშობელი პედაგოგს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები