საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორთა ატესტაცია დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით, 2017 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურაში ატესტაცია გამოცხადდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ატესტაციის მიზანია პროკურატურის მუშაკთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და პროკურორთა შეფასების ერთიანი სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მიმდინარე წელს ატესტაციას პროკურორთა შეფასებაზე პასუხისმგებელი – მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან.

პროკურორთა შეფასების სისტემა საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის 31 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა. შეფასების სისტემის მიზანია პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკების მინიმუმამდე დაყვანა, პროკურორების მოტივაციის ამაღლება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება და პროკურორთა დამოუკიდებლობის გაზრდა.
პროკურორთა შეფასება განხორციელდება როგორც საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის, ასევე, საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგებისა და სხვა აქტივობების მიხედვით.
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, 2017 წელს პროკურორთა მიერ გაწეულ სამუშაოს 2018 წლის პირველ ნახევარში შეაფასებს. შეფასების შედეგების საფუძველზე პროკურორთა ატესტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. შეფასების შედეგები გათვალისწინებული იქნება პროკურორთა დაწინაურების, წახალისებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები