ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სესია გაიმართა

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სესია მისასალმებელი სიტყვით  გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა გახსნა. მან ხაზი  ორი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებს გაუსვა, რაც, მისივე განცხადებით, ბრექსიტის შემდგომ ახალ დინამიკას შეიძენს. საქართველოს მხრიდან სესიის მონაწილეებს  საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და  ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ სტრატეგიულ დონეზე საქართველოს საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოების პოლიტიკასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ხალხთაშორის კონტაქტებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვითარდება, მათ შორის იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რაც ბრექსიტის პროცესებს უკავშირდება.

უორდროპის დიალოგმა გასულ წელს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი შეიძინა. მხარეები განიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი” ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები