“საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება”
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ იმ ადგილებში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად ემოციურად მიმდინარეობდა, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ნებისმიერ დარღვევას მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ხუციშვილმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს მოუწოდა მაქსიმალურად შეიკავონ თავი ძალადობისგან.
„იმ ადგილებში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად ემოციურად მიმდინარეობდა, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
ხშირია შემთხვევა, როცა პროვოკაციებს აქვს ადგილი, რაც გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხანდახან ეს არის რაღაც ჟესტიკულაცია და ა.შ. ეს იქნება არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ იქნება მიმართული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება ადეკვატური და მკაცრი“, – განუცხადა შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.