მიხეილ ჯანელიძე: ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ევროკავშირისადმი ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურად განწყობილ ქვეყანას

“მე ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ევროკავშირისადმი ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურად განწყობილ ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპული ინტეგრაცია საქართველოს განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. გადამეტება არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოს ევროპისკენ მისწრაფების შედეგია. დღეს, ევროპული ინტეგრაცია არ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი, ის ასევე შიდა პოლიტიკის საკითხია. ჩვენ ახალი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც შემუშავებული იყო ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში და ვენეციის კომისიასთან მჭიდრო კონსულტაციებში. საქართველოს დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო. საქართველოს მთავრობა უფრო ღია, გამჭვირვალე და სუფთაა, ვიდრე აქამდე იყო. ადამიანის უფლებები ყველა იმ რეფორმის საძირკველია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, „რეგიონში საქართველო ევროკავშირის მტკიცე მოკავშირედ და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება“.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრაფიკთან, ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში. ბევრია გაკეთებული, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ამას ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს, ვინაიდან ჩვენ ამას ჩვენი მომავლისთვის ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს იმის კონკრეტული ხედვა თუ როგორ მივაღწიოთ ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ის ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხს.
„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია გრძელდება. რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შთანთქმას თავის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სტრუქტურებში. რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. პარალელურად ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქართველები გალში იძულებულნი არიან, როგორც უცხოელები დარეგისტრირდნენ. ეთნიკური ქართველები იძულებულნი ხდებიან შეიცვალონ თავიანთი გვარები და ეროვნული იდენტობა, რათა ადამიანის ძირითადი უფლებებით შეძლონ სარგებლობა. საქართველოს მოსახლეობა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებას ვერ იღებს მშობლიურ ენაზე, მათ ამაზე უარს ეუბნებიან. ეს პროცესი რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია ქართული იდენტობის წაშლა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსიფიკაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები