ეკა ბესელია კიმ ინ ჰვანს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰვანს შეხვდა.

კიმ ინ ჰვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს  2018 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა  და ლტოლვილების პრობლემების თაობაზე მასშტაბური, საერთაშორისო ფორუმის გამართვის თაობაზე კორეის პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება გადასცა და ფორუმის ორგანიზებაში დახმარებისთვის მიმართა.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულს აღნიშნული შემოთავაზებისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ არჩევანი საქართველოზე შეჩერდა.  ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კონსულტაციების გავლის შემდეგ ქართული მხარის გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში ეცნობება კორეის საელჩოს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და  კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულმა ისაუბრეს ორმხრივ ფორმატებში განხორციელებულ ვიზიტებზე და  მათ მნიშვნელობაზე.

კიმ ინ ჰვანმა აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მას ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართა.

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან საინტერესო წინადადებით.  კიმ ინ ჰვანმა გაგვაცნო კორეის პარლამენტის თხოვნა. მათ ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე და ლტოლვილების პრობლემებზე ყოველწლიურად აქვთ საკმაოდ მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი. შემოთავაზებულია წინადადება, რომ 2018 წელს საქართველო იყოს მასპინძელი ასეთი საერთაშორისო ფორუმის, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს თავისი საპარლამენტო ძალიან მაღალი წარმომადგენლობით. ეს არის კორეის პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა, რომელიც ელჩმა გადმოგვცა და მთხოვეს, რომ ამ კონფერენციის ორგანიზებაში დავეხმაროთ. ასეთი ფორუმი  ყოველწლიურად ტარდება როგორც ევროპის, ასევე სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში და ამას  საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიმართ გაჩნდა ინტერესი, რომ 2018 წელს იყოს ასეთი მასშტაბური ფორუმის მასპინძელი ქვეყანა.  ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კონსულტაციები და შემდეგ, ბუნებრივია, ვაცნობებთ საელჩოს  გადაწყვეტილებასაც და სხვა საკითხებსაც, რომელიც  ფორუმის ორგანიზებას უკავშირდება”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები