ნანა კაკაბაძე: პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში სიას არ უყურებს და ადამიანებს თავისი შეხედულებებით იწყალებს

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „კვირას“ პრესკლუბში მსჯავრდებულების შეწყალების პრინციპზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პრინციპში ლოგიკის დანახვა უჭირს.
„მე ვერ ვხედავ ლოგიკას შეწყალების პრინციპში, მართალია, კანონით, პრეზიდენტს ნებისმიერი პირის გათავისუფლების უფლება აქვს, მაგრამ ლოგიკაში არ ჯდება ის გათავისუფლება, რომელსაც ისინი აკეთებენ. შესაბამისად, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არც ერთი რეკომენდაცია არ გამეკეთებინა, იმიტომ რომ ეს არ იყო ის ლოგიკური ჯაჭვი, სადაც ჩემი რეკომენდაცია შესაძლოა ჩამჯდარიყო.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დასაბუთებული რეკომენდაცია იქ რაიმე შედეგის მომტანი არ იქნებოდა, იმიტომ რომ თავისუფლდებიან პატიმრები, რომლებიც არ უნდა გათავისუფლდნენ და არ თავისუფლდებიან პატიმრები, რომლებიც, ლოგიკურად, ამ ფონზე უნდა იყვნენ გათავისუფლებულები“,- განმარტა ნანა კაკაბაძემ.
კაკაბაძე აცხადებს, რომ შეწყალების კომისია გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის. მისი თქმით, კომისიას ევალება გადაარჩიოს საქმეები, პრეზიდენტი კი ხშირ შემთხვევაში სიას საერთოდ არ უყურებს და ადამიანებს თავისი შეხედულებებით იწყალებს.
„დავუშვათ, თქვენ რომ შეიმსუბუქოთ შრომა და სახლში მიიყვანოთ ადამიანი, რომელიც მოგეხმარებათ სახლის დალაგებაში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მისი სახლია, თქვენი უფლებაა ამის დელეგირება. ანუ პრეზიდენტმა ეს დელეგირება მისცა რაღაც გარკვეულ ჯგუფს, რომ თქვენ წარმომიდგინეთ საქმეები, რომლებზედაც მე ერთპიროვნულად ვიღებ გადაწყვეტილებას, კომისიას სულ უაზრო გადაწყვეტილებებიც რომ მიეტანა პრეზიდენტთან, ეს მისი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტმა დაავალა კომისიას გადაარჩიოს საქმეები, პრეზიდენტს ნებისმიერი პირის შეწყალება შეუძლია, პრეზიდენტს არ აქვს დადგენილი რომ მსჯავრდებული მაინცდამაინც ამა და ამ მუხლით უნდა შეიწყალოს, უვადო პატიმარიც კი, რომელსაც ახლა მიესაჯა, პრეზიდენტს მეორე წუთში შეუძლია შეიწყალოს. ანუ პრეზიდენტი ვერ დაავალებს, რომ აი, ამ რანჟირებით გადაარჩიეთ“,- განაცხადა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები