“საკონსტიტუციო ცვლილებები 2018 წლის მარტში მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება”

“მმართველი გუნდის მიერ გაწერილი გრაფიკის თანახმად, 2017 წლის ბოლომდე ახალი ცვლილებების მიღება ორი მოსმენით მოხდება, 2018 წლის მარტში კი უკვე მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.
“იურიდიულად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, ანუ ხელი მოეწერება დოკუმენტს და გამოქვეყნდება. შესაბამისად, ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში შეგვეძლება ამ დოკუმენტის ინიცირება. აქ ასახული იქნება მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ. საქმე ეხება ბლოკის ერთჯერადად დატოვებას, ასევე ბონუსის სისტემის გაუქმებას, ასევე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი გადაისინჯება. ასევე რეკომენდაცია იყო ორ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ აქაც შესაბამისი ნორმების გადასინჯვაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ასევე, საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან მიმართებაში და ეს პუნქტიც იქნება გადასინჯული. ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები