ორი წლის განმავლობაში სკოლებში ძალადობის და ბულინგის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა სკოლებში ბავშვთა ძალადობისა და ბულინგის შესახებ ჩატარებულ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან მიმართვიანობის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე ბავშვი იყო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულიდან 500-ზე მეტი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურეობის სააგენტოშია გადაგზავნილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით ბავშვებთან ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს. მისივე თქმით, განათლების უწყების მიერ დღემდე გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის, რადგან გარკვეული მიმართვის ფორმები და აგრესია საზოგადოებაში გამჯდარია.
„2013 წლიდან სისტემატურად ვაწარმოებთ სიტუაციის შესწავლას, მონაცემების დამუშავებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ეს გადაწყვეტილებები უკავშირდება როგორც პრევენციულ, ისე რეაგირების საკითხებს. ძალადობის აღმოსაფხვრელად სკოლებში ბევრი პროგრამა ამოქმედდა. ასევე ჩვენ ვმუშაობთ მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუ როგორ უნდა მოახდინონ დესტრუქციული ქცევის მოსწავლეების დროულად იდენტიფიცირება და როგორ უნდა იყოს რეაგირება. იგივე ტრენინგები გვაქვს ჩვენ სკოლის ადმინისტრაციებთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემებში.
მასწავლებლებიც არიან იმ საზოგადოების წევრები, რომლებიც ნაკლებად იცნობენ ძალადობის ფორმებს. ძალიან ხშირად ისეთი ლექსიკა, რომელიც კვლევაშია გამოყენებული, მათთვის ჩვეულებრივი და ყოველდღიური სასაუბრო ლექსიკაა“, – დასძინა განათლების მინისტრის მოადგილემ.
“მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიშის “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა” წარდგენისას განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები