საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, განიხილება შესაძლებლობა, ამ მიზნით გამოყენებული იყოს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია”, ან „საქართველოს ევროპული გზა”, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ღონისძიებები კიდევ უფრო გაამდიდრებს.
„აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაიმართა. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში 2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მიწვეულია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობისთვის უმთავრეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის, თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს – მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო -გერმანიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები