Golder Associates -ის ექსპერტები, RMG- ის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ

RMG- ის მოწვევით, საქართვლოში 4- დღიანი სამუშაო ვიზიტით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golder Associates- ის წარმომადგენლები: საიმონ ოლდრიჩი (სამთომომპოვებელი დარგის გარემოსდაცვითი ექსპერტი) და გარეტ დიგს ლა ტუში (სამთომომპოვებელი დარგის წყლის ექსპერტი) იმყოფებიან.
ვიზიტის მიზანია კომპანიის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის დოკუმენტის საბოლოო შეთანხმება. ასევე, „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით დაგეგმილია სხვადასხვა გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავება, როგორიც არის: წყლის მართვის გეგმა, მონიტორინგის გეგმა, სახიფათო ნივთიერებების მართვის გეგმა, ნარჩენების მართვის გეგმა და სხვა.
თბილისსა და დაბა კაზრეთში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების დროს, RMG -ის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები დეტალურად განიხილავენ საწარმოთა წყლის მართვის ძირითად მიმართულებებს. ასევე დაგეგმილია ტექნიკური დავალებების შემუშავება სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტების დასაგეგმად და მათ განსახორციელებლად.
„არემჯის“ გარემოსდაცვითი სამსახურის ინფორმაციით, მოწვეული ექსპერტები დაესწრებიან გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რამდენიმე პროექტის განხილვას და საკუთარ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს. აღნიშნული პროექტები შეეხება მდინარე კაზრეთულას დაცვას დაბინძურებისაგან, კუდსაცავის წყლის მართვის გაუმჯობესებას და სხვა.
სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო კომპანია Golder Associates-ის ექსპერტები 2017 წლის დასაწყისიდან მუშაობენ კომპანია RMG-სთან გარემოსდაცვითი მიმართულებით. ივლისის თვეში, საიმონ ოლდრიჩმა ფართო საზოგადოებისთვის კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული ვიზიტი კი მიზნად კომპანიისათვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის და კონკრეტული პროექტების შემუშავებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები