იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა. აღნიშნულის გამო, ფილიალი მოქალაქეთა მომსახურებას ვერ ახორციელებს. ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია, – ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
„იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურ ვითარებაში მაინც ჰქონდეს სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებით, მომსახურების გაცემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან განხორციელდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობაში, მისამართი: სადგურის მოედანი 3 ა, მე- 2 სართული. აღნიშნული პუნქტიდან მოხდება უკვე დამზადებული დოკუმენტაციის: საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობების გაცემა. ამავე ოფისში უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების მიღებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის ტერიტორიულ სამსახურებსა და სოფლების: გეგუთის, მეორე სვირის, ზეინდარისა და დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრებშიც.
საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მომსახურებას განახორციელებს ქ. ქუთაისში შემდეგ მისამართზე – სადგურის მოედანი N3 ა.
ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული ოფისები გახსნა: თერჯოლაში, მისამართი – რუსთაველის 109, ხონში – კაკაბაძის 15, ზესტაფონში – წერეთლის №5 და ვანში – თამარ მეფის №8“,- ნათქვამია განცხადებაში.
დამატებით ინფორმაციას იუსტიციის სახლი მოსახლეობას ოპერატიულ რეჟიმში აცნობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები