პრემიერი: საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ისეთ პროცესებში აისახება, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით.
“საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა: განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავრთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე; ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა, გამოხატული, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებრივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მიუხედავად პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.
“ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ შერიგების პოლიტიკას და მზად ვართ, მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. პროგრესი კი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ხელშესახები აქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო ასპარეზზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონის მასშტაბით და აძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები