ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კონსტიტუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ხვალ საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას მიიღებს, რომლითაც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად. კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე თავდაცვის უწყების კონტექსტზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები.
„საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავდაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფაა, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები. საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად. მკაფიოდ და სათანადოდ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, წესრიგდება და იმიჯნება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება.
„საქართველო და ცივილიზებული სამყარო დღეს დგანან უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშვიდობის მოსურნე სახელმწიფოების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით და საერთო ღირებულებებზე შეთანხმებით, ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. საქართველო მზადაა, კვლავაც დარჩეს ნატო-ს და მისი მეგობარი ქვეყნების ერთგულ და ღირსეულ პარტნიორად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები