პრეზიდენტი: საქართველო ან ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ან პირდაპირი აგრესიით არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველოს არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება, რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
”რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რათა არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში.
საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავის შეიარაღებული ძალები და ამას ვახორციელებთ. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიებში მაღალი კვალიფიკაციითა და მონდომებით მონაწილეობენ
”მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ან ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული, ჩვენს ქვეყანას არ შეუმცირებია პასუხისმგებლობა, როგორც საერთაშორისო მოთამაშეს. ჩვენ ამას სიამაყით ვამბობთ, საქართველოს შეიარაღებული ძალები უაღრესად მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში და დღეს საქართველო არის როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა როგორც ავღანეთში, ასევე არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა აფრიკაში და ჩვენი ჯარისჯაცები ახორციელებენ თავიანთ მისიას”, – აღნიშნა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები