ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კორუფციულ გარიგებაში პედრო აგრამუნტის შესაძლო მონაწილეობას იკვლევს

ადამიანის უფლებების დარგში ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირმა, პედრო აგრამუნტიმ თანამდებობა სკანდალის დროს დატოვა. მისი გადადგომის გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიებისა და რუს პარლამენტარებთან ერთად სირიაში ვიზიტის ბრალდების გამო იქნა მიღებული.
ამჟამად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იკვლევს ბრალდებებს, რომელთა თანახმადაც მისი წევრების გარკვეული ნაწილი ე.წ. „ხიზილალის დიპლომატიის“ ფარგლებში, აზერბაიჯანს რიგ პრივილეგიებს ანიჭებს.
გარდა ამისა, ესპანური წარმოშობის აგრამუნტი მკაცრად გააკრიტიკეს მარტში, რუს პარლამენტარებთან ერთად სირიაში ვიზიტის გამო, რომლის დროსაც, ის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. სირიელ ლიდერს საერთაშორისო საზოგადოება გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, ქიმიური თავდასხმების გამო, რომლის განხორციელებაშიც მის ძალებს ადანაშაულებენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტური ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ვიზიტს „პირადი“ ან „პერსონალური“ ხასიათი ჰქონდა, საპარლამენტო ასამბლეის სახელი არ უნდა აღმოჩნდეს ჩართული ასადის რეჟიმისა და სირიელი ხალხის წინააღმდეგ მისი მოქმედებების მხარდამჭერ ინიციატივებში“. ყირიმის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რუსეთი, იანვრიდან მოყოლებული, ბოიკოტს უცხადებს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც 47 სახელმწიფო შედის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქმედებების შესახებ დასკვნას დამოუკიდებელი გამომძიებლები წლის ბოლომდე გამოაქვეყნებენ. პედრო აგრამუნტიმ, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარების მოთხოვნის საფუძველზე დატოვა, საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ღია მხარდაჭერით და ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა უმრავლესობის მიერ აგრამუნტის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესს საქართველოს დელეგაციის წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატებიც შეუერთდნენ.

http://www.bbc.com/news/world-europe-41527675

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები