„ვერავის მივცემთ უფლებას, შეაჩეროს პროცესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული“

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები.
„თბილისის საკრებულო არის ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია დაიცვას ქალაქის ინტერესები და კომპეტენციების ფარგლებში, ქალაქის განვითარება უზრუნველყოს.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ ერთადერთი მოტივით- ჩაშალონ თბილისის საკრებულოს სხდომა, მოაწყონ ობსტრუქცია და კანონისმიერი გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუშალონ.
მათ ეს რამდენიმე დღის წინ საკუთარი ქმედებებითაც დაადასტურეს, როდესაც არასამართლებრივი და ძალისმიერი მეთოდებით საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადეს, ამავდროულად, მერიის წინ დააზიანეს შშმ პირთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, იძალადეს სამართალდამცავებზე.
ისინი ამჯერადაც ღიად აანონსებენ საკუთარ მიზანს-ჩაშალონ საკრებულოს სხდომა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ წესრიგი, უზრუნველვყოთ საკრებულოს გამართული მუშაობა, თბილისის და თბილისელების უფლებების რეალიზება და შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას, შეაჩეროს პროცესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.
აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დავუშვათ მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია – არავინ სხვა, რათა ადგილი არ ქონდეს პროვოკაციებს და არეულობის მცდელობას.
ჩვენ გვაქვს თბილისელების მიერ მონიჭებული მანდატი, ვიზრუნოთ ქალაქზე და არავის აქვს უფლება და ლეგიტიმაცია, საზოგადოების წინააღმდეგ წავიდეს.
სწორედ საზოგადოების ინტერესების დაცვისა და საკრებულოს სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება.
მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან, პატივი სცენ თბილისს და თბილისელებს და საკრებულოს ნაკისრი ვალდებულებების კონსტრუქციულ გარემოში შესრულების საშუალება მისცენ.
აქვე დავუმატებ, რომ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ აღნიშნული პროექტების განხილვა და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ“, -განაცხადა ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები