სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მშენებლობის 22 მილიონიანი პროექტი განხორციელდება – ავთანდილ ცინცაძე
თბილისის შემოგარენში, კერძოდ, სოფელ დიღომში 22 მლნ ლარის ღირებულების, კანალიზაციის სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მასშტაბური პროექტი 2018 წლიდან განხორციელდება. ადგილობრივ მოსახლეობას ამის შესახებ, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, კახა კალაძემ, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ავთო ცინცაძის მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ვიცი, როგორ აწუხებს აქ მცხოვრებ ადამიანებს კანალიზაციის პრობლემა. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული და საკმაოდ მასშტაბური პროექტი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაჯდება ეს პროექტი, მისი განხორციელებისთვის 22 მლნ დაიხარჯება. გპირდებით, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება და ეს დისკომფორტი მოიხსნება,”- განაცხადა კახა კალაძემ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა კიკეთის, წავკისისა და ტაბახმელის მოსახლეობას, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ, მათ შორის, მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები. კახა კალაძე ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა.
“შემუშავებულია სწორი ფორმულა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიწის დაკანონება. ამას არჩევნების შემდეგ გავაკეთებთ. ქალაქი, საზოგადოება ვითარდება, ქვეყანა წინ მიდის და შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს და არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საუბარია უფრო მეტი, უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე, უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებზე და ასე შემდეგ”,- აცხადებს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი კახა კალაძე.
როგორც “სითი კვირას” „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ განუცხადა, სოფელ დიღომში კანალიზაცია არასდროს ყოფილა და ამ პრობლემის გადაჭრა რაიონის მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას მოუგვარებს.
მისივე თქმით, სოფელი დიღომი საკმაოდ დიდი დასახლებაა, სადაც დაახლოებით 11 500 ადამიანი ცხოვრობს. “თავის დროზე, როცა თბილისის საზღვრების გაფართოება დაიწყო, აქაც თვითნებურად ჩასახლდა მოსახლეობა და რაიონმა განვითარება თვითდინებით დაიწყო. დასახლებაში მრავალი წელია არსებობს კომუნიკაციების პრობლემა. წარმოიდგინეთ 21-ე საუკუნეში დედაქალაქს კანალიზაციის პრობლემა რატომ უნდა ჰქონდეს… მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს გვარდება ეს საკითხი. პროექტი, რომელიც ბატონმა კახამ ჩემი რაიონის მოსახლეობას გააცნო, მალე განხორციელდება. ეს ნამდვილად მისასალმებელია”,- აცხადებს ცინცაძე.
წყარო: http://www.city.kvira.ge