მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს, მათ შორის, ეთნიკური წმენდის პრაქტიკის გაგრძელების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის სახლების მასობრივად განადგურების გამო შეშფოთება გამოხატა. შეხვედრაზე ასევე გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებსა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.
როგორც „კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 81-ე შეხვედრის შედეგები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხებიც განიხილეს.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების, ისევე, როგორც ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის შინაარსიანი განხილვის აუცილებლობა აღინიშნა.
დასასრულს, მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.