„იმედია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყურადღებით მოეკიდებიან ვენეციის კომისიის და მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს”
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ბრიფინგი გამართა.
„მიმდინარე კონსტიტუციური პროცესიდან ჩვენ გვემუქრება საზოგადოების დიდი ნაწილის გაუცხოება სახელმწიფოს უმთავრესი სამართლებრივ-პოლიტიკური ფუნდამენტისადმი და მმართველ ძალასა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის ქვეყნისათვის სახიფათო უფსკრულის გაჩენა. ამის დაშვება არ შეიძლება, ასე ჩვენ ვანგრევთ და არ ვაშენებთ“,– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნებოდა გაზიარებული, არის ბოლო შანსი ყველაზე უარესის თავიდან ასაცილებლად და პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ ფორმატში გასაგრძელებლად.
„ამისათვის აუცილებელია, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ისე, რომ ყველას პრინციპული პოზიცია იქნას გათვალისწინებული, მაგრამ ყველა მზად იყოს მცირე დათმობისთვის. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე მე თავს ვიკავებდი პროცესის დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან, გამოიკვეთა შესაძლო შეთანხმების 5 პუნქტიანი ფორმულა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე საუბარი მქონდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერებთან, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორის წევრებთან, აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან“,– აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიას მიეწოდა ინიციატივა, რომელმაც იგი მთლიანად გაიზიარა და საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა.
„ვენეციის კომისიის აზრით, ეს არის კონსტიტუციურ პროცესში კონსენსუსის მიღწევის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ფორმულა და იგი მხარეებს მოუწოდებს ამ საკითხზე შეთანხმებისკენ. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს მსჯელობა ვენეციაში. ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული და მხარეებისთვის შეთანხმებისთვის შეთავაზებული მოდელი შედგება შემდეგი პუნქტებისგან:
1. საარჩევნო ბლოკების დაშვება;
2. ბონუსის გაუქმება;
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატი აღმასრულებელი ორგანოების სისტემაშია;
4. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩეული პარლამენტი დაადასტურებს მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებას;
5. მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის შემოფარგვლა პროპორციულ -მაჟორიტარულ სისტემაზე ზოგადი მითითებით, ხოლო სისტემის სხვადასხვა ვარიანტზე დიალოგის გაგრძელება საარჩევნო კოდექსის დონეზე. წინადადებათა ამ პაკეტზე შეთანხმების შემთხვევაში, რომელიც, ცხადია, შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს და დაზუსტდეს:
• დაკმაყოფილდება უმრავლესობის მიმართვა პრეზიდენტისადმი ვეტოში ბლოკების და ბონუსის საკითხის ასახვის შესახებ;
• შენარჩუნდება დეფაქტო ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მუდმივმოქმედი ორგანო – უშიშროების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატის საქმიანობას გაუძღვება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური – პრემიერ-მინისტრი და მისი ადმინისტრაცია;
• საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე საზოგადოებაში არსებული განწყობები უფრო მკაფიოდ გამოვლინდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალები აღჭურვილნი იქნებიან მეტი სახალხო ლეგიტიმაციით;
• რადგან მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სისტემაში მაჟორიტარული ელემენტის შენარჩუნება მმართველი ძალისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხად იქცა, შემოთავაზებული ჩანაწერი მას აძლევს საამისო გარანტიას, მაგრამ ასევე ხსნის გზას, საბოლოო ჯამში, ყველასგან დაწუნებული არსებული მოდელის გაუმჯობესებისთვის. შერეული სისტემის გაუმჯობესების ვარიანტები კი მრავლად მოიძებნება სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე“,-აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით,-„ ჯამში, აღნიშნული პაკეტი პოლიტიკური პროცესის გაგრძელების საშუალება იქნება და თავიდან აგვაცილებს საპარლამენტო არჩევნებამდე 3 წლით ადრე უკიდურესად სახიფათო, ხისტ რელსებზე გადასვლას“.
„გადაწყვეტილებები ორ დღეშია მისაღები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტი თავიდანვე დადებითად იყო განწყობილი აღნიშნული მიმართულებით მცდელობისადმი და აგრძელებს აუცილებელ კონსულტაციებს პოლიტიკურ სპექტრთან. იმედია, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ყურადღებით მოეკიდებიან ვენეციის კომისიის და მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს“,- ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.