ეკა ბესელია: ჩვენ არ გვითხოვია არავისთვის დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისას, შესაძლოა, უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციით იყოს წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არ უთხოვია არავისთვის დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები, სადაც შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალები დაზუსტდება.
„უმჯობესია, ჩვენი მხრიდან იყოს ფრაქციული წარმომადგენლობა – უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების და პარტიების ხელმძღვანელები. ვფიქრობთ, კარგი იქნება ამ ფორმატში შეხვედრა. ჩვენ ვეტო არ გვჭირდება, ჩვენ არ გვითხოვია არავისთვის დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა. რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ცნობილია ჩვენი მხრიდან რა საკითხებზეა მზაობა გაცხადებული. ჩვენი მხრიდან დღის წესრიგშია ორი საკითხი. ის თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით და რა უნდა იყოს მისი მოტივირებული შენიშვნების სამართლებრივი საფუძვლები, ამას დღეს უმრავლესობა მოისმენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 16:00 საათისთვის არის დანიშნული. მმართველი უმრავლესობა ახალ მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკებს დაშვება იგეგმება. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები