დავით საგანელიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას უმასპინძლა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომდგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წევრები და საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პანშო ესწრებოდნენ.

 

ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მისიის წევრებს ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტების ეფექტიანად წარმართვის მექანიზმები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბების საკითხზე, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის სახით შეიქმნება და იფუნქციონირებს. განიხილეს სააგენტოს შექმნისთვის აუცილებელი ტექნიკური დეტალები და ის საერთაშორისო კრიტერიუმები, რომლებსაც ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო უნდა აკმაყოფილებდეს.

 

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თავის მხრივ სავალუტო ფონდის მისიამ „საპარტნიორო ფონდს“ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი რჩევები ფონდის ეფექტიან საქმიანობას ხელს შეუწყობს.

 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანაში ფისკალური გამჭირვალობის მიმართულებით ანგარიში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში,  ფისკალური გამჭირვალობის გაუმჯობესების მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, დოკუმენტები უფრო ყოვლისმომცველი გახდა ცენტრალური ხელისუფლების საბალანსო მაჩვენებლის და შემოსავლების ნაწილში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფისკალური პროგნოზები და ბიუჯეტირება უფრო პერსპექტიული და პოლიტიკაზე ორიენტირებულია.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის განხილვისას, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი მისიის დირექტორმა მერსედეს ვერა მარტინმა კითხვაზე – რჩება თუ არა ფისკალურ რისკად „საპარტნიორო ფონდი”, აღნიშნა, რომ დღეს მსგავს საფრთხეს და რისკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ ხედავს.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები