გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი ერთად ვიღწვით უფრო სტაბილური და განვითარებული რეგიონის შესაქმნელად

„ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CaspianEnergyGeorgia-ს დაფუძნებისადმი მიძღვნილ სამუშაო ლანჩზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა CaspianEnergyGeorgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.
გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის სამაგალითო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის დროს.
„ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს აზერბაიჯანელების უშურველ დახმარებას ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის დროს. პრეზიდენტმა ალიევმა პირადად გასცა განკარგულება და ათეულობით აზერბაიჯანელი მეხანძრე, ვერტმფრენებითა და სპეცტექნიკით, რამდენიმე დღის მანძილზე ჩვენთან ერთად ებრძოდა სტიქიას. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთმანეთის თანადგომით მრავალ გამოწვევას გავუმკლავდებით. ჩვენ არა მარტო სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არამედ უამრავ დიდ პროექტში თანამშრომლობის გზით, ერთად ვიღწვით უფრო სტაბილური და განვითარებული რეგიონის შესაქმნელად. ასევე ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და რეგიონები და ბაზრები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მეტი კავშირები და თანამშრომლობა კი ეკონომიკური აღორძინებისა და სტაბილურობის საწინდარია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას ბაქოში დაგეგმილი CaspianEnergyForum-ც შეუწყობს ხელს და აღნიშნა, რომ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
სამუშაო სადილს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები