თამარ ხულორდავა: ჩვენი აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა გერმანიასთან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა დადებითად აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდე ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდია გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როდის ტარდება შეხვედრა 2 უმაღლეს პირს შორის. გერმანიამ არჩევნები ახლახანს გაიარა და ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფოს პირველი მეთაურია, ვისთანაც გაიმართა შეხვედრა. ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი და გამომხატველი იმისა, რაოდენ დიდია გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ. ასევე, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და იმ პროცესების მიმართ, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც გამოხატავს დინამიკურ და მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობას, რაც ჩვენ გერმანიასთან გვაქვს“, – განაცხადა ხულორდავამ „პირველთან“ საუბარში.
ხულორდავას თქმით, გერმანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.
„გერმანია საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ვგულისხმობ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესსაც და ევროატლანტიკურ სტრუქტურის მიმართ საქართველოს მისწრაფებებსაც. ამ საკითხებში საქართველოს წარმატება დიდწილად დამოკიდებულია გერმანიის პოზიციაზე, ასე რომ, ჩვენი აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა გერმანიასთან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
დღეს ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები