„მუდმივი ბრძოლისთვის აუცილებელია, შეიარაღდე წიგნებით და კარგი მეგობრებით“…

მშობლებმა  კითხვა ბავშვობიდან შეაყვარეს. ისტორია და ლიტერატურა გამორჩეულად იზიდავდა. იცოდა, რომ იურისტი გამოვიდოდა, რადგან ადამიანების დახმარების სურვილი მაშინვე ჰქონდა.
ამბობს, რომ სტუდენტობის პერიოდმაც მრავალი რამ ასწავლა. საინტერესო გზა განვლო კავკასიის სამართლის აკადემიის  გენერალური დირექტორის თანამდებობამდე.
აკადემიაში ტარდება ტრენინგები და ლექციები სამართლის მიმართულებით,  მსურველს აკადემიაში უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების მიღებაც შეუძლია.
საინტერესოა სალექციო კურსი, რომელიც მოიცავს იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებებს და რომელსაც თავად უძღვება.
რამდენიმე იურიდიული მონოგრაფიისა და  ერთი სახელმძღვანელოს ტრეფიკინგი ავტორია. მისი მეორე წიგნი დამნაშავის ფსიქოლოგია”  მზადაა გამოსაცემად. – გიორგი მათიაშვილის პერსონა.

 – ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კითხვა, რომელიც ჩემი მშობლების დამსახურებაა. ისინი ზრუნავდნენ ჩემი როგორც ფიზიკური, ისე სულიერი განვითარებისთვის, რის გამოც მათ ძალიან ვაფასებ. ცელქი ბავშვი არ ვყოფილვარ, პირიქით, ყოველთვის სიდინჯით გამოვირჩეოდი.
– სკოლა წარჩინებით დაამთავრეთ…
– სკოლაში ყოველთვის გამოვირჩეოდი სწავლის თვალსაზრისით. ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა პედაგოგებთან. განსაკუთრებით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები: ისტორია და ლიტერატურა და თავიდანვე ვიცოდი, რომ იურისტი უნდა ვყოფილიყავი.
– რატომ გადაწყვიტეთ იურისტობა?
– იურისტობა გადამაწყვეტინა მრავალმა ფაქტორმა, რომელიც კომპლექსურად საბოლოოდ ფოკუსირებას ახდენდა სამართლიანი ცხოვრების სტილთან. ყოველთვის მქონდა ალტრუისტული მიდრეკილება, რომ დავხმარებოდი ადამიანებს, ეპოვათ სამართლიანობა და ეს  სწორ გზად მიმაჩნია.
– ჰართფორდის უნივერსიტეტში გაიარეთ სისხლის სამართლის კურსი. ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი ხართ… რა შეგძინათ ამ წლებმა? იმედია, სამეცნიერო გზას განაგრძობთ. რა თემაზე აპირებთ მუშაობას სამომავლოდ?
– სტუდენტობის პერიოდმა ბევრი მასწავლა. მაგ დროიდან მოყოლებული ვცხოვრობ მარტო, დამოუკიდებლად. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სადაც მე ვსწავლობდი მაგისტრატურაში, პროფესიული განვითარების დიდი შესაძლებლობა მომცა. ჩემი მიმართულების (ვგულისხმობ სისხლის სამართალს) ხელმძღვანელი იყო ბატონი მინდია უგრეხელიძე, რომელიც გამოირჩევა თავისი სიძლიერით. ამიტომ მადლობას ვეტყოდი მას ამ შეუფასებელი ღვაწლისთვის.
ლექციებს კითხულობთ იურიდიულ ფსიქოლოგიაში, რომელიც ტრადიციული ლექციებისგან განსხვავებულია… რამდენიმე ლექციის სათაურს დავასახელებ: „სიცრუის ფსიქოლოგია მედიაში“, „კრიმინალური ფსიქოლოგია“, დამნაშავის ანატომია სხეულის ენა“… როგორ ემზადებით ლექციისთვის? საინტერესოა, დანაშაულზე საუბარი ფსიქოლოგიური თვალთახედვით, ასევე – სიცრუის ფსიქოლოგია მედიაში…
– ძალიან საინტერესოა სტუდენტებთან ურთიერთობა. ეს ჩემთვის ახალი მოცემულობაა ცხოვრებაში. მიყვარს ანთებული თვალების ყურება. ახალი თაობის დაუოკებელი სწრაფვა განვითარებისკენ. უმეტეს მათგანთან ვმეგობრობ. საკმაოდ საინტერესოა სალექციო კურსიც, რომელიც მოიცავს „იურიდიული ფსიქოლოგიის“ მიმართულებებს, როგორიცაა: კრიმინალური ფსიქოლოგია და დანაშაულის ანატომია.
– თქვენს სტატუსებში ხშირად არის გამახვილებული ყურადღება ადამიანობაზე,  როგორ კარგავენ ადამიანობას სამსახურისთვის მებრძოლი ადამიანები, როგორ ცარიელდებიან. შეშინებული და დამჯერი გონების მქონე სხეულებს წარმოადგენენ. მათ თვალებში ფერი იკარგება. მათი ხმა მახინჯდება. სხეულიც და თმაც, ფრჩხილებიც და ფეხსაცმელი, ყველაფერი
როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ადამიანობა არსებობისთვის ბრძოლის მარათონში?
– ხშირად მიჩნდება წერის სურვილი, თუმცა ლიტერატორობაზე თავს ვერ დავდებ. ჩემი შეხედულებები მაქვს სამყაროზე, ადამიანებზე და ჩემს სტატუსებში ეს იგრძნობა. მგონია, რომ ცხოვრება ომია, ოღონდ დაუსრულებელი და ამ ომში გამარჯვებული ვერასოდეს იქნები, რადგან დაუსრულებელია. მუდმივი ბრძოლისთვის კი აუცილებელია, შეიარაღდე წიგნებით და კარგი მეგობრებით, რადგან ყველაფერთან ბრძოლა იწყება განათლებით.
– რატომ გიყვართ კაფკა? სხვა რომელი მწერალი გიყვართ?
– კაფკა საკმაოდ რთული მწერალია. იურისტებს გვიყვარს სირთულეები, გამოწვევები, წინააღმდეგობა. რატომღაც მგონია, რომ კაფკას „პროცესი” ყველა იურისტის სამაგიდო წიგნი უნდა გახდეს. ასევე ძალიან მიყვარს ბულგაკოვი და ჰიუგო. კარგად ასახავენ ადამიანთა ყოფას, რომელიც ყველა დროსა და სივრცეს ერგება.
კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალური დირექტორი ხართ. რა მიზნით დაარსდა ეს აკადემია და გვიამბეთ თქვენი, ხელმძღვანელის საქმიანობაზე…
– კავკასიის სამართლის აკადემია არის ორგანიზაცია, რომელიც მუდამ მზადაა საინტერესო პროექტებისთვის. ჩვენთან ტარდება ტრენინგები და ლექციები სამართლის მიმართულებით, რომელიც რაღაც ნაწილში ფსიქოლოგიასაც მოიცავს. ყველა კურსი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მსურველისთვის. ასევე, აკადემიაში ხდება უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები.
– რა მიზნები და გეგმები აქვს სამართლის აკადემიას?
– აკადემიის სამომავლო მიზანია, მოვიცვათ მთლიანად ჩვენი ქვეყანა და რეგიონებში ჩავატაროთ უფასო საჯარო ლექციები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), დანაშაულის ფსიქოლოგია, ადამიანის უფლებები, ოჯახური ძალადობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
რას იტყოდით თბილისზე? რას შეცვლიდით? ხშირად გაიგონებთ, რომ ის ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ძველად იყო, აღარ არსებობს…
– თბილისი ძალიან კარგი ქალაქია თავისი ხალხით და ურბანული განვითარებით. მინდა ჩემი დედაქალაქის მოსახლეობა ბედნიერი იყოს. ეს დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული იმ ურთიერთობებზე დაყრდნობით, რომელსაც ყოფით დონეზე ყოველდღიურად ვაწყდებით. რთულია ბედნიერების პოვნა ასეთ სოციალურ გარემოში, თუმცა სხვაგან არ მოიპოვება, ის ჩვენშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ბედნიერებისთვის.
– საინტერესოა წარმატების თქვენეული ახსნა. რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაში?
– ხელის ჩაქნევა, – ასეთ მდგომარეობას არ ვცნობ, ადამიანის მოვალეობა არ არის ბორკილდადებული მიწაზე ხოხვა, ჩვენი მოვალეობაა ფრთის გაშლა და აღმაფრენა. წარმატების მოპოვება სიცოცხლეში შეუძლებელია, რადგან თვითონ სიტყვის დეფინიცია გვეუბნება, რომ ეს არის მატება, რომელიც ჩვენი წასვლის შემდეგ რჩება ჩვენგან – „წარ მატება”. ამიტომ არასოდეს იფიქროთ, რომ წარუმატებლები ხართ.
– თავისუფალ დროს რას საქმიანობთ?
– თავისუფალი დრო კარგი მონაპოვარია ჩემთან, თუმცა ხასიათი მაქვს თავისუფალი და ეს აკომპენსირებს იმ უზარმაზარ დროს, რომელიც სამსახურსა და სწავლას ეთმობა. ძირითადად, ვცდილობ, მეგობრები და ჩემი ოჯახი მოვინახულო, რომელიც ცალკე ცხოვრობს.
– წიგნები თუ გაქვთ გამოცემული, ანდა თუ აპირებთ გამოცემას?
– რამდენიმე იურიდიული მონოგრაფია დავწერე. აქედან ერთი სახელმძღვანელოს – „ტრეფიკინგის” ავტორი ვარ. ახლა ჩემი მეორე წიგნი მზადაა გამოსაცემად, შემდეგი სახელწოდებით – „დამნაშავის ფსიქოლოგია”.  სამომავლოდ ვაპირებ, აქტიურად გავაგრძელო სამეცნიერო მიმართულებით მუშაობა და მრავალი საინტერესო პროექტი შევთავაზო სტუდენტებს და სრულიად საზოგადოებას.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები