მიხეილ ჯანელიძე : დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია მმართველობის კუთხით
„დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით”, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ დიდი პასუხისმგებლობა აიღო, იმით, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
„ჩვენ უკვე მეორე წელია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და გენერალური დებატების პარალელურად ვმართავთ მაღალი დონის სესიებს, რომელიც ეხება ღია მმართველობას. წელს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ იმით, რომ გავხდით „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ქვეყნის ღია მმართველობის და ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის ძალიან დიდი აღიარება. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ფორუმის მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საქართველოში და ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში. მინისტრის თქმით, დაიგეგმება მომავალი ხედვები, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით უმაღლეს დონეზეა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. მან ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე ასევე ინტეგრაციული პროცესების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად ევროპისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.