რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.
სწავლების გახსნის ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც იოზეფ ნოლტემ მიმართეს. მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპს 50-მდე სამხედრო მოსამსახურე 19 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე გაივლის. საინჟინრო ბრიგადის ჯარისკაცები სხვადასხვა პირობებში დაბინძურებული ტერიტორიების დაზვერვას, მონიშვნას და მასშტაბის დადგენის პრინციპებს შეისწავლიან. წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს გამოიყენებენ.
დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტამინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.
„საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი ურიერთთანამშრომლობის ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა უფრო იხვეწება და ვითარდება. ჩვენ ყოველწლიურად 30-ზე მეტი სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტი გვაქვს და ერთ ერთი მათგანია სწორედ რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ნაყოფიერი ურთიერთობა საქართველოსთან“ – განაცხადა ფრანც იოზეფ ნოლტემ.