„გაცნობის დღიდან მსურდა გოდერძი ჩოხელზე ფილმის გადაღება“ – ვინ არის ლონდონის კინოაკადემიის კურსდამთავრებული პირველი ქართველი

 თითქმის ყველა ბავშვობის ოცნება აისრულა. მამა სასულიერო პირია და შვილებს ხშირად უკითხავდა ბიბლიას და  საქართველოს ისტორიას. მამას ყოველთვის დაჰყავდა პატრიარქის წირვა-ლოცვაზე, სადაც უწმინდესი მაშინ ბავშვებისათვის პარაკლისს იხდიდა…
ეამაყება თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში  სწავლა, რომლის ისტორიაშიც თავისებურად აისახა ჩვენი ქვეყნის საბედისწერო, 1801 წლის შემდგომი საქართველოს ისტორია…
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა ტელე-რადიო გადაცემათა წამყვანი ჟურნალისტის სპეციალობით… საავტორო სატელევიზიო გადაცემათა ციკლის – „ეპოქა და ადამიანი“, ავტორი და რეჟისორი იყო. განსაკუთრებით გამორჩეულია მის შემოქმედებაში დოკუმენტური ფილმები: „სამთავროს დედათა მონასტერი“ და „ცასწავალა“, რომელიც გოდერძი ჩოხელს ეძღვნება. ლონდონში გაიმართა როგორც „ცასწავალას“, ასევე „სამთავროს დედათა მონასტრის“ შესახებ ფილმის ჩვენება…
ამბობს, რომ უამრავ ღვაწლმოსილ ადამიანზე აქვს ფილმის გადაღება დაგეგმილი. წინ ელის კიდევ ერთი მოგზაურობა ლონდონში საინტერესო გრაფიკით… დანარჩენს კი სამომავლოდ გაგვიმხელს. – რეჟისორისა და ჟურნალისტის, მარიამ ადამიაშვილის პერსონა.

 უბედნიერესი, საკმაოდ დატვირთული და საინტერესო  ბავშვობა მქონდა, ცოტა ურჩიც ვიყავი… ძალიან მიზანდასახულს ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფერში ცხვირს ვყოფდი, უამრავ კითხვას ვსვამდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ოცნებები თუ მიზნები ამესრულებინა. ძალიან პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და აუცილებლად ტელევიზიაში უნდა მემუშავა…. და კიდევ, იყო რაღაც… ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ლონდონთან… ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაღაცნაირად იქ უნდა მოვხვედრილიყავი და მესწავლა იქაც. ალბათ, 4–5 წლიდან მქონდა ეს მიზნები და არც არასდროს შემიცვლია აზრი… საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ავისრულე.
მამაჩემი სასულიერო პირია, უკვე 26 წელია, ქვაშვეთის ეკლესიაში მსახურობს. ალბათ, იცით, საზოგადოებაში მკაცრად არსებული სტერეოტიპების შესახებ. ამის გამო ხშირად ვყოფილვარ განხილვის საგანი: როგორ შეიძლებოდა შარვალი ჩამეცვა ან ტუჩის საცხი გამომეყენებინა,  რომ არ შეიძლებოდა ჩემთვის ტელევიზიაში მუშაობა და კიდევ რამდენი რამ აღუნიშნავთ. არ მახსოვს, მამაჩემს ჩემთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება წაერთვას. არასოდეს მართმევდა იმას, რაც თავისუფალი პიროვნების აუცილებელი ნაწილია. ყოველთვის მახსენებდა, რომ ნებისმიერ საკითხზე  ჩემი აზრი უნდა მქონოდა, რომ გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო. ბავშვობიდან მაჩვევდა აზროვნებას, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.
ჩემი მშობლები… ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავი ვიპოვო ცხოვრებაში და ყოველთვის პატივს სცემენ ჩემს არჩევანს. მათ მასწავლეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვების ცხოვრების დაფასებაც და პატივისცემაც. ყოველთვის ესმით ჩემი და მხარს მიჭერენ ყოველ ჩემს არჩევანში. ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენი, ჩემი ციხესიმაგრეა. მასწავლეს, რომ ცხოვრება სიყვარულია და უნდა მიყვარდეს! ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი!
მახსოვს, საღამოს სახლში დაბრუნებული მამა, მე და ჩემს ძმას აუცილებლად გვიკითხავდა წიგნებს – ბიბლიას, საქართველოს ისტორიას, მოკლედ ყველაფერს, რაც ზოგადი განათლებისთვის, ამა თუ იმ საკითხზე საკუთრი აზრის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარებოდა. ოღონდ ტრადიციასავით გვქონდა – ყოველი 2-3 გვერდის წაკითხვის შემდეგ, აუცილებლად შინაარსი უნდა მოგვეყოლა მეც და ჩემს ძმასაც, შემდეგ უკვე თემის განხილვა იწყებოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მიდგომა იყო თუნდაც იმიტომ, რომ კომუნიკაციის უნარი შეგვძინა, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და სწორად გადმოცემა ვისწავლეთ.
დედა… არ მეგულება ქვეყანაზე, მასზე უკეთესი მეგობარი, ადამიანი, რომელიც უანგაროდ მთელი ცხოვრება გვერდში მიდგას და მამას მსგავსად, მაქსიმალურად მიწყობს ხელს წარმატების მიღწევაში.
ბავშვობაში ხშირად დავდიოდით ერთად სამოგზაუროდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში… სამწუხაროდ, დღეს ჩემი და ჩემი ძმის გადატვირთული გარფიკის გამო და იმის გამოც, რომ შვებულების დღეებს, ძირითადად, ვერ ვამთხვევთ ერთმანეთს, ხშირად აღარ გამოგვიდის ოთხივეს ერთად სიარული… არადა, ძალიან საინტერესო იყო… საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ერთად  მოვიარეთ, ერთად ვეცნობოდით ჩვენი ქვეყნის ისტორიულ თუ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, მუზეუმებს, მშობლები ადგილზევე გვიყვებოდნენ ამა თუ იმ კუთხის შესახებ საინტერესო ისტორიას. საკმაოდ დასამახსოვრებელი და სასიამოვნო წუთები იყო.
სხვათა შორის, დიდ დროს ვატარებდი სიონის საკათედრო ტაძარში… მამას ყოველთვის დავყავდი პატრიარქის წირვა-ლოცვაზე. უწმინდესი მაშინ ბავშვებისათვის პარაკლისს იხდიდა ხოლმე… ამ დროს თურმე თითქმის ყოველთვის ამბიონის კიბეზე ვიჯექი და ერთი სული მქონდა, როდის ჩამოივლიდა პატრიარქი, რომ მის შესამოსელს მოვჭიდებოდი… უწმინდესის ნაჩუქარ კანფეტებს არაფერი ჯობდა…
ორი წლისაც არ ვიყავი, მამაჩემი მღვდლად აკურთხეს, მანამდე კი, წლების განმავლობაში, პატრიარქის სტიქაროსანი იყო, ფაქტობრივად, უწმინდესის გაზრდილია… შესაბამისად, მთელი ბავშვობა თუ არა, დიდ დროს ვატარებდი მშობლებთან ერთად, უწმინდესთან. შეუძლებელია, ეს მადლი, რასაც ამ დროს ვიღებდი, ვერ იგრძნო, ან ოდესმე დაგავიწყდეს.
– რით იყო განსაკუთრებული სკოლის პერიოდი?
– ჭაღარა, მაგრამ მარად ახალგაზრდული სულისკვეთებით აღსავსე თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია (უკვე საჯარო სკოლა) დავამთავრე და ამ სკოლიდან უამრავი სასიამოვნო მოგონება გამომყვა. არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავდა. ჩემი კლასი  ყოველთვის გამოირჩეოდა სიცელქით და განსხვავებული იდეებით. ყოველთვის მეამაყებოდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში  სწავლა, რომლის ისტორიაშიც თავისებურად აისახა ჩვენი ქვეყნის საბედისწერო, 1801 წლის შემდგომი საქართველოს ორსაუკუნოვანი ისტორია.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლობდით. დოკუმენტური ფილმი „სამთავროს დედათა მონასტერი“ გადაიღეთ… როგორ გაჩნდა ამ ფილმის გადაღების იდეა. რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დავამთავრე ტელე-რადიო გადაცემათა წამყვანი ჟურნალისტის სპეციალობით… სწორედ ბაკალავრიატის სადიპლომო ნაშრომი იყო ეს ფილმი, რომელიც გადაღებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და, რა თქმა უნდა, უწმინდესის ინტერვიუს, მის მოგონებებს მონასტერთან დაკავშირებით, ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბედნიერი ვარ, რომ უწმინდესმა დრო გამონახა ამ ინტერვიუსთვის.
წელიწადზე მეტხანს ვმუშაობდი ამ ფილმზე და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო.  პირველ რიგში, იმიტომ, რომ კამერა, გადაღებები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ყველა მონაზონს, რის გამოც რთულია მათი ინტერვიუზე დათანხმება. შემდეგ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანი მუშაობა გიწევს მათთან, რომ ჩართულ კამერასთან იმუშაონ. ეს ნამდვილად არაა ადვილი მათთვის. მონასტერიც ცოცხალი ორგანიზმი, ყველაზე დიდი სიწმინდეა და ხშირად მონაზვნებს ძალიან დიდი ბრძოლების  გამკლავება უწევთ.
ზოგადად, საკმაოდ რთულია მონასტრული ცხოვრება, ყოველთვის მინდოდა გამეგო, როგორია უფლისკენ სავალი გზა მონაზვნებისათვის. ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად გადის ცხოვრების გზას. ღმერთი ზოგს ერში აკურთხებს, ზოგს – ბერში. ადამიანები, რომლებიც საერო ცხოვრებას ირჩევენ, ხშირად მაინც ვერ წყდებიან ბერულს, რადგანაც უფალთან სიახლოვე ყველაზე ტკბილია. ის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სტუმრად მონასტერში, მისი ტიპიკონით უცხოვრია, არასოდეს დაავიწყდება იქაური სამყარო. ვინაიდან, სასულიერო პირის ოჯახში ვიზრდებოდი, გასაკვირი არც იქნება, თუ ვიტყვი, რომ საეკლესიო თემები ყოველთვის მაინტერესებდა და ჩემგან არცთუ ისე შორსაა. მეორე მხრივ, ეს მონასტერი ჩემი უსაყვარლესი ადგილი იყო ყოველთვის და ხშირად ჩავდივარ მოსალოცად. ამ ფილმით მინდოდა გამომეჩინა დედების ღვაწლი, მაყურებლამდე მიმეტანა მათი ცხოვრების სირთულეები. ისინი ხშირად ქვეყნისგან გარიყულნი და ტაძარს შეფარებული ადამიანები ჰგონიათ, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მონასტერში დიდ ღვაწლში მყოფი უაღრესად განათებული, თბილი და საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ.
– ფილმის პრემიერა 2010 წლის 15 ივნისს კინოს სახლში შედგა…
– იმავე წლის ოქტომბერში უკვე პირველი წარმატება მოიპოვა მართლმადიდებლური ფილმების V საერთაშორისო ფესტივალზე – „წმინდა ანდრიას ჯვარი,“ სადაც ფესტივალის საპატიო სიგელ-გუჯარი დაიმსახურა. მოგვიანებით კი, 2011 წლის შემოდგომაზე, უკვე უკრაინის დედაქალაქში, მართლმადიდებლური ფილმების IX საერთაშორისო ფესტივალ „პოკროვის“ გამარჯვებული გახდა და  ფესტივალის საპატიო დიპლომით – „მონასტრული ცხოვრების სილამაზის გადმოცემისათვის” დაჯილდოვდა.
ეს სწორედ ის მონასტერია, საიდანაც მოციქულთა სწორმა ნეტარმა ქალწულმა ნინომ ქართველ ერს ქრისტიანობა  უქადაგა.  წმინდა ნინო და სამთავრო საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილებია და თითქმის უკვე 17 საუკუნის მანძილზე ეს მონასტერი ქვეყნის ერთ-ერთ უპირველეს სავანეს წარმოადგენს. ამიტომ ამ ნაშრომში შევეცადე, მაყურებლისთვის მომეყოლა მონასტრული ცხოვრების სირთულეების შესახებ და ამესახა სამთავროს დედათა მონასტრის ისტორია დაარსებიდან დღემდე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გადამაღებინეს მონაზვნად აღკვეცის რიტუალი, რაც ადამიანის გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადების გამომხატველია. ფაქტობრივად, ეს ჩემი ექსკლუზიური კადრებია. დედების აღკვეცა მანამდე არავის გადაუღია.
-ამ ფილმში, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ანდერძი გახმიანდა…
– დიახ, ამ ფილმშია გამჟღავნებული უწმინდესის  ანდერძი, რაზეც მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე გაგნიძე მიყვება.
მონასტერში ერთ-ერთი სტუმრობისას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეზოში, საკურთხევლის კედელთან გაჩერებულა და იღმენია ქეთევანისთვის (მონასტრის წინამძღვარი) უკითხავს: დედა იღმენია, თქვენ სად გინდათ დაგასაფლავოთ. სადაც ინებებთ, – იყო პასუხი. შემდეგ კი პატრიარქმა საკურთხევლის კედელთან ახლოს მიუთითა. უწმინდესს თავისი საბოლოო განსასვენებლის შესახებაც უსაუბრია და აღნიშნავს, რომ ის სიონის საპატრიარქო ტაძარში უნდა დაიკრძალოს, იმ ადგილას, სადაც გარდამოხსნაა დაბრძანებული. ესეც ფილმის ერთ-ერთი ემოციური ნაწილია.
ქართული დიასპორის თხოვნითა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის ლოცვა-კურთხევით, „სამთავროს დედათა მონასტერი“ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში უჩვენეს.
– არანაკლებ საინტერესო იყო თქვენს ცხოვრებაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მაგისტრატურის წლები. ამ პერიოდში შეიქმნა დოკუმენტური ფილმი  „ცასწავალა“, რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. გოდერძის პირადადაც იცნობდით. რას გაიხსენებთ ამ ურთიერთობიდან? როგორ შეიქმნა ფილმი და გოდერძი ჩოხელის ცხოვრების რა უცნობი დეტალები გახმაურდა?
-„ცასწავალა“, როგორც იცით, გოდერძის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟს – პატარა მეოცნებე, ცისფერთვალება ჩიტს ჰქვია, რომელიც ზეცაში ამაღლების სურვილს შეეწირება. თავად მწერალი ამ ჩიტში საკუთარ ცხოვრებას ხედავდა. ამიტომ, სიმბოლურიცაა, რომ ფილმს ამ მოთხრობის სახელი ვუწოდე.
„ცასწავალა“ 40-წუთიანი მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმია, რომელშიც  გოდერძი ჩოხელს მისივე ლექტორები, მეგობრები და თანასოფლელები იხსენებენ, მათ შორის – რეჟისორები ლანა ღოღობერიძე და რეზო ჩხეიძე, ასევე  კინომხატვრები, რომლებიც გოდერძისთან ერთად მუშაობდნენ ფილმებზე. მუსიკა კომპოზიტორმა ზურა მახნიაშვილმა სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ცასწავალას“ გადაღება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის, ჯორჯ ქესიდის  ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელე. ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის, რომ კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს  მნიშვნელოვანი სიმდიდრეა და  მადლობას ვუხდი მას დახმარებისთვის.
მეხუთე კლასში ვიყავი, როცა დედაჩემი ამ ჩემი ლექსების ბროშურას ამზადებდა დასაბეჭდად, რაზეც სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი… მაშინ დედაჩემს ულტიმატუმი წავუყენე, თუ გოდერძი ჩოხელი დამიწერს წინასიტყვაობას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავბეჭდოთ-მეთქი… რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ ეყო… დარწმუნებული იყო,  ვერც კი დავუკავშირდებოდი…
– როგორ გაიცანით გოდერძი ჩოხელი?
– იმ პერიოდში სატელეფონო ცნობარები (კარგი სქელტანიანი წიგნები იყო) კარგად მუშაობდა და სწორედ მასში ამოვიკითხე ჩოხელის სახლის ნომერი. თავადვე დავრეკე (სხვას როგორ ვანდობდი ამ საქმეს) და, სხვათა შორის, გოდერძიმ მიპასუხა ზარზე. ავუხსენი, რომ პატარა ბავშვი ვიყავი, ლიტერატურა მიყვარდა, ლექსებს წერას ვცდილობდი  და მინდოდა, მას დაეწერა ბროშურისთვის წინასიტყვაობა…. ჩემდა გასაკვირად, დაუფიქრებლად დამთანხმდა და იმავე საღამოს დამიბარა სახლში…
უკვე ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, ლოგინს იყო მიჯაჭვული და თითქმის აღარავისთან ჰქონდა ურთიერთობა. დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე მომიწია  მასთან მისვლა და მახსოვს, მაშინ როგორ მოუთმენლად მელოდებოდა: ძალიან დაიგვიანე, იცი, რამდენ ხანს გელოდებოდიო. არ ითაკილა,  ჩემივე ბლოკნოტში ჩამიწერა ეს წინასიტყვაობა – ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი, რაც ჩემი საყვარელი მწერლის, ამ დიდი ადამიანისგან დამრჩა…. ძალიან გაუხარდა, მას რომ მივმართე. მერე შემაქო კიდეც. მოგვიანებით მეუღლისთვის უთქვამს, ალბათ აღარასოდეს მოვკვდები, ასეთი ბავშები რომ არსებობენო.
მახსოვს, ერთხელ ქალბატონი ნინო (გოდერძის მეუღლე) მეუბნებოდა, ხანდახან უმიზეზოდ ჩხუბობსო. გოდერძიმ კი შემომჩივლა, რა ვქნა, განა მე მინდაო. უბრალოდ, ამ დროს ჩემს გონებაში ჩემი მოთხრობის გმირები ჩხუბობენ და მეც ასე გამომდისო. ძალიან ხშირად ვლაპარაკობდით, საათობით, ყველაფერზე… ყოველთვის ისე მესაუბრებოდა თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს, თითქოს მისი თანატოლი ვიყავი და არა ბავშვი… მამაჩემი რომ მომაკითხავდა წასაყვანად, მაინც  აღარ უნდოდა ამ საუბრის დასრულება და კიდევ კარგა ხანს გვიგრძელდებოდა…
გაცნობის დღიდან მსურდა მასზე ფილმის გადაღება… ვიცოდი, რომ ასეთ ადამიანზე, ამხელა შემოქმედის შესახებ  ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა…. მაგრამ გულით მიდოდა კიდეც გაკეთება და უნდა გამერისკა. თან სამთავროს დედათა მონასტრის შესახებ ჩემი ფილმის პრემიერის დასასრულს, კინოს სახლში, ნინო მეუბნებოდა, რომ შენ ისედაც არსად ტოვებ გოდერძის ყურადღების გარეშე და კარგი იქნებოდა, შენვე გადაგეღო ფილმი მის შესახებო. ყველა სახის მასალა გადმომცა, გოდერძის აბსოლუტურად ყველა ხელნაწერი მე მქონდა სახლში, ოჯახური ვიდეომასალა, ფოტოები…. ყველაფერი, რაც კი ოჯახს გააჩნდა. მას შემდეგ დიდი სუფრთხილით შევუდექი სცენარის წერას.
ალბათ, ბევრმა არ იცის, როგორ დაიწერა გოდერძის მოთხრობის – „ადამიანთა სევდის“ დასასრული, რა იყო მისი შთაგონების წყარო. ამ ისტორიას თავად გოდერძი ჩოხელი იხსენებს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოყენებულია აუდიოჩანაწერი ოჯახის პირადი არქივიდან.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო არტისტის, კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის შეფასება „ცასწავალასთან“ დაკავშირებით, რომელიც აღნიშნავს: „ჩოხელის დადგმა ძალიან ძნელია ჩოხელის ნაწარმოების ილუსტრაცია არ გამოდის, როგორც წესი, დადგმა ძალიან ძნელია, რადგან ის იკავებს თავის თავში ცხოვრების ყოფას და, მეორე მხრივ, ლეგენდებით მცენარეები ცხოველები ლაპარაკობენ, რაც ცხოვრებაში არ გხვდება. ეს რომ ერთ სამყაროში წარმოადგინო, და გააკეთო დასკვნა, ძალიან ძნელია… და რაც ამ გოგონამ გააკეთა, ძალიან დიდი ამბავია“. – ამის შესახებ მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საინტერესოა, მისი ბავშვობის ფოტოს გადაღების ისტორიაც. აღსანიშნავია, რომ ეს არის გოდერძის პატაროების ერთადერთი ფოტო, რაც არსებობს. ეს არის ფოტოგრაფის გადაღებული ნამუშევარი, რისთვისაც დედამისს 10 კვერცხი გადაუხდია. მოგვიანებით გოდერძის ეს ფოტო მეუღლისთვის უჩუქებია, ამაზე უკეთესს რას ვაჩუქებდიო. მერე იხსენებდა, ეს ფოტო ჟურნალისტმა მთხოვა, ნინოს მოვპარე და მას გავატანეო. დარწმუნებული ვიყავი, უკან დამიბრუნებდა, მან კი დამიკარგა და ნინოსაც გული დავწყვიტეო.
„ცასწავალა“, დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს საელჩოში უჩვენეს, ასევე დიდი ბრიტანეთის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში… როგორ გაიხსენებთ ლონდონური პრემიერის დღეებს?
– დიახ, საქართველოს საელჩოსა და მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში, ლონდონში გაიმართა როგორც „ცასწავალას“, ასევე „სამთავროს დედათა მონასტრის“ შესახებ ფილმის ჩვენებაც. ეს იყო ივნისში. ღონისძიებები საელჩოს ორგანიზებით, ასევე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) ლოცვა-კურთხევითა და ქართული დიასპორის თხოვნით მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.
აქვე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ლონდონში საქართველოს ელჩს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, ვისი ინიციატივით დაიგეგმა საელჩოში ეს ღონისძიება. ასევე მეუფე ზენონსა და მამა დოროთეს, ვის გარეშეც ნამდვილად ვერ ჩაივლიდა ასე კარგად ჩვენება.
ჩემთვის მნიშვნელოვანი, და თითქოს, გასაკვირიც იყო, რომ „ცასწავალა“ ემოციურად ისევე დატვირთული აღმოჩნდა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლისთვის. სხვათა შორის, ყველა უცხოელმა მაყურებელმა გამოთქვა საქართველოს მონახულების სურვილი ფილმის ნახვის შემდეგ და ამბობდნენ, რომ გუდამაყრის ხეობაში აუცილებლად იმოგზაურებდნენ. ასევე ძალიან დაინტერესდნენ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით და აღნიშნავდნენ, რომ  კარგი იქნებოდა, ინგლისურ ენაზეც თარგმნილიყო მისი შემოქმედება. ამ პროექტზე კი ვმუშაობ, თუმცა, მოგეხსენებათ, ფინანსების გამო ხშირად ვერ ხერხდება ეროვნული პრიექტების განხორციელება.
აქვე აღვნიშნავ, რომ ფილმის პრემიერა 2011 წლის ნოემბერში კინოთეატრ „რუსთაველში“ საკმაოდ წარმატებით გაიმართა, ოდნავ მოგვიანებით უკვე დისკის წარდგინება და ფილმის ჩვენება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში. ფილმი ნაჩვენებია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტშიც. კინოსურათი მართლმადიდებლური ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალზე – „წმინდა ანდრიას ჯვარი”, საპატიო სიგელ-გუჯარითა და  მედლით დაჯილდოვდა.
ლონდონის კინოაკადემიის სპეციალური მიწვევით, კინოს რეჟისურის კურსი ლონდონში დაასრულეთ… პირველი ქართველი ხართ, ვინც ამ კინოაკადემიაში სწავლობდა…
– ძირითადი მიზეზი, რის გამოც მე ლონდონში წასვლა მოვახერხე, ლონდონის კინოაკადემიის სპეციალური მიწვევა იყო… დეკემბრიდან დისტანციურად გავდიოდი აკადემიაში დოკუმენტური კინოს რეჟისურის კურსს, რომლის მიმდინარეობისასაც შემომთავაზეს პროგრამის ლონდონში დასრულება. სწავლაც თავად ლონდონის კინოაკადემიამ სრულად დამიფინანსა. და მიხარია, რომ პირველი ქართველი ვარ, ვისაც ამ სასწავლებელში სწავლის საშუალება მიეცა.
საკმაოდ მნიშნელოვანი იყო ლექტორებთან ურთიერთობა. გამოცდილებას გვიზიარებდნენ საკმაოდ ცნობილი რეჟისორები და პროდიუსერები. სწორედ მათთან ერთად გავაკეთე 10-წუთიანი დოკუმენტური ჩანახატი ლონდონში აკადემიის ბაზაზე, ამ სასწავლებელში მოხდა ფილმის ჩვენება და დღესაც ჩემი ეს ნაშრომი კინოაკადემიის ბაზაში ინახება.
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხართ. თქვენი თემის დასახელებაა: „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო, 2003-2013)“… რატომ აირჩიეთ ეს თემა?
– ქართული მედიის სისტემური კვლევა დღემდე არ მომხდარა. ჩვენი უნივერსიტეტების აუდიტორიებში უკვე ვეცნობით დასავლურ სახელმძღვანელოებში გაანალიზებულ შემთხვევებს, მაგრამ სერიოზული ანალიზის მიღმა რჩება არაერთი ორიგინალური ქართული შემთხვევა. ამით აკადემიური პერსონალი გზას უთმობს შეთქმულების თეორიების მოყვარულებს, ან პოლიტიკურ ავანტიურისტებს და ნოყიერ ნიადაგს ქმნიან სტერეოტიპების ჩამოსაყალიბებლად.
მინდოდა, ჩემი ნაშრომი ამ პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობა მაინც ყოფილიყო.  ცხადია, როგორც ყველა პირველი მცდელობა, ვერ იქნება უნაკლო. ალბათ, ვერც მე გავექეცი მყარად გამჯდარ სტერეოტიპებს. თუმცა, ეს საფრთხე კარგად მახსოვდა და მთავარი მიდგომა, რომელიც წინამდებარე კვლევის ჩატარებისას ავირჩიე, მიდგომების პლურალიზმია, მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება, სოციალური მეცნიერებების ფართო სპექტრი: მედიაკვლევები, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია და ა.შ.
ამასთან, ცხადია, მრავალფეროვნება არ ნიშნავს ქაოსს. მედიისა და პოლიტიკის უკიდეგანო ველისთვის უფრო კონცენტრირებულად რომ შემეხედა და ჩემი ენერგია მიზანიმიმართულად გამომეყენებინა, რამდენიმე შეზღუდვა დავაწესეთ: წინამდებარე ნაშრომი საქართველოში პოლიტიკურად კრიზისულ ვითარებაში მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებას ეძღვნება. საკვლევი პერიოდი, როგორც უკვე აღნიშნეთ, მოიცავს „ვარდების რევოლუციიდან“ ციხეში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრების გავრცელებამდე პერიოდს. მიმაჩნია, რომ მედიის როლი პოლიტიკურ პროცესებში, ისე როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების დაინტერესება მედიის ინსტიტუტით, განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება კრიზისულ სიტუაციებში, როცა ქვეყანა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება. მოკლედ, ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც შევაჩერე არჩევანი აღნიშნულ თემაზე.
საავტორო სატელევიზიო გადაცემათა ციკლის – „ეპოქა და ადამიანი“, ავტორი და რეჟისორი იყავით. პროექტი ტელეკომპანია ტვ 3-ის ბაზაზე შეიქმნა. იქ განხორციელდა, და ტვ3-ის დახურვის შემდეგ, უკვე მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია – „ერთსულოვნებაზე“ გავიდა.  ეთერში 24 გადაცემა გავიდა. სატელევიზიო გადაცემისთვის – პატრიარქი ამბროსი  მედალი „წმინდა ანდრიას ჯვარის“ მიიღეთ. რით იყო ეს გადაცემა გამორჩეული? კიდევ რომელ გადაცემას გამოარჩევდით?
– 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერში მართლმადიდებლური ფილმების X საერთაშორისო ფესტივალზე – „წმინდა ანდრიას ჯვარი” სატელევიზიო გაადაცემისთვის – პატრიარქი ამბროსი (საავტორო სატელევიზიო გადაცემათა ციკლიდან  – „ეპოქა და ადამიანი“) ქართული ქრისტიანობის გამოჩენილი დამცველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ახალი წყაროების მოძიებისა და წარმოჩენისათვის მედალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” მივიღე. მე-20 საუკუნის საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესიის ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. როგორი რთული და წინააღმდეგობრივიც იყო გასული საუკუნის პირველი მეოთხედი საქართველოსთვის, ასეთივე მძიმე იყო ის უწმინდესისა და უნეტარესი ამბროსისათვის. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მძიმე იყო, ეკლიანი, მაგრამ, ამავე დროს, ამაღლებული და მისაბაძი. ამბროსი ხელაიას ცხოვრების ეკლიანი გზაა წარმოდეგნილი აღნიშნულ გადაცემაში. უამრავი საინტერესო მასალა მომაწოდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში. ძალიან საინტერესო არქივებია დაცული ორივე უწყებაში და დიდი სიამოვნებით ვამუშავებდი მასალას. მადლობა მათ ამ მასალისთვის.
როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ფილმი საავტორო სატელევიზიო გადაცემათა ციკლის – „ეპოქა და ადამიანი“ ფარგლებში გადავიღე. პროექტი განხორციელდა ტელეკომპანია „ტვ 3“-ის ბაზაზე განვახორციელე და სწორედ „ტვ 3“-ის ეთერში გადიოდა. უკვე მოგვიანებით, როცა აღნიშნული ტელევიზია დაიხურა, პროექტი გადავიდა საპატრიარქოს არხზე. პროექტის განხორციელებისას, ჩემი, როგორც ავტორისა და რეჟისორის, პრიორიტეტია მაყურებელს გავაცნო სულიერ-კულტურული მემკვიდრეობა, რაც წინაპართაგან მივიღეთ. ხელოვნება წარმოადგენს საქართველოს სავიზიტო ბარათს, ამიტომ აღნიშნული პროექტის  მიზანია, მაყურებელს ხელოვნების შესახებ ინფორმაცია სწორად და დეტალურად გააცნოს.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ამა თუ იმ ადამიანის განსაკუთრებული როლის განსაზღვრას იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობს; წარმოაჩინოს უნიკალური დეტალები უძველესი ქართული კულტურის ისტორიიდან; გადაცემა ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. სატელევიზიო პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა მაქვს, მოვუყვე მაყურებელს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთ სფეროში ეპოქა შექმნეს. კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს  მნიშვნელოვანი სიმდიდრეა და ჩვენივე მოსავლელია, ამიტომ პროექტი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გააქტიურებას და პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ეროვნულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს.
„ტვ 3“-ის სატელევიზიო სივრცეში ვახორციელებდი კიდევ ერთ სატელევიზიო პროექტს – „ზეციური მთიები“, რომლის ფარგლებშიც 10 დოკუმენტური ფილმი მოვამზადე. ეკლესია-მონასტრები საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს სულიერ-კულტურული ძეგლები საქართველოს წარსულის ცოცხალი მოწმეები არიან და უსიტყვოდ მეტყველებენ მისი სიდიადის შესახებ. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათი ისტორია. და რა არის ისტორია? „იგია მთხრობელი იმისა თუ რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავაც… წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა“.   დიდი შეჭირვების პერიოდშიც კი ჩვენი წინაპრები მაინც ქმნიდნენ სულიერი კულტურის შესანიშნავ ნიმუშებს, ამიტომ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარსული. პროექტის მიზანია მაყურებელს გააცნოს ის სულიერ-კულტურული მემკვიდრეობა, ხურთმოძღვრული ძეგლების ისტორია, რაც წინაპართაგან მივიღეთ, პრიორიტეტია მივიდეთ ყველა ძეგლთან და ვაჩვენოთ მაყურებელს, თუ რა განძის პატრონები ვართ.
ყოველი გადაცემა მნიშვნელოვანია ჩემთვის, თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი… ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ამ გადაცემებზე მუშაობა და რთულია, რომელიმე მათგანი გამოვარჩიო, ყველა მათგანში მთელი გული და სული მაქვს ჩაქსოვილი. შესაძლებლობის ფარგლებში და არსებული ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, ვცდილობდი, ყველა გადაცემა მაქსიმალურად საინტერესო ყოფილიყო ჩემი მაყურებლისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, თითოეულ ჩემს გადაცემაში რაღაც ახალი, განსხვავებული ინფორმაცია მიმეწოდებინა მაყურებლისთვის, ისეთი, რაც მანამდე არ გამოჩენილა ტელეეკრანებზე… აქტიურად ვთანამშრომლობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების არქივთან, ხელნაწერთა ინსტიტუტთან, მუზეუმებთან, სადაც არაერთი საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. მათი დამსახურებით ყოველთვის მქონდა ექსკლუზიური მასალა, თუნდაც ერთ დეტალი მაინც.
ყოველთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტები, საოცარი ადამიანები მყავდა. მაგრამ თითქმის ყოველთვის ერთი პატარა პრობლემასავით მქონდა: ჩემი პატარა ასაკის გამო, თავიდან ცოტა არასერიოზულად, ოდნავ უნდობლად აღმიქვამდნენ. ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ჩემს ასაკში მსგავსი თემების გაშუქებით შეიძლება დაინტერესდე. თუმცა თითოეული გადაცემის შემდეგ აბსოლუტურად ყველა რესპონდენტი მირეკავდა და თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ, განიხილავდნენ გადაცემებს, თუ როგორ მოეწონათ, რამდენი ახალი დეტალი აღმოაჩინეს, ბოლოს კი აუცილებლად გადაცემას მთხოვდნენ პირადი არქივისთვის. ყოველი მსგავსი ზარის შემდეგ სრულად მიქრებოდა დაღლილობა და ახალი ენერგიით, დიდი ენთუზიაზმით ვიწყებდი მომდევნო გადაცემაზე მუშაობას.
ერთ-ერთი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი რესპონდენტი იყო ჩემთვის – ადამიანი, რომელსაც გამოარჩევდა უნაკლო სპორტსმენის ძირითადი თვისებები – თანდაყოლილი ტალანტი, დიდი ფიზიკური ძალა, განსაცვიფრებელი ტაქტიკური აზროვნება, უდრეკი ნებისყოფა და რაც მთავარია, უდიდესი შრომისმოყვარეობა. ეს იყო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ლევან თედიაშვილი, ვინც, შეიძლება ითქვას, რომ გააფართოვა მოჭიდავის შესაძლებლობათა ზღვარი, ახალ სიმაღლეზე აიყვანა სახელოვან წინამორბედთა ოსტატობა. ლევან თედიაშვილის მსგავსი სპორტსმენი თითზე ჩამოსათვლელი თუ ჰყოლია საქართველოს. არ დარჩენილა სპორტული ტიტული, მას რომ არ მოეპოვებინოს.  ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავეები არიან, ლევანი კი მათ ფონზეც გამორჩეულია, მაგრამ ტიტულებთან ერთად მან ყველაზე მთავარი მოიხვეჭა – თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის სიყვარული და პატივისცემა.
ის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, საყვარელი რესპონდენტი და ადამიანია… იმ პერიოდში ბატონი ლევანი ძალიან ჩაკეტილი იყო, არსად ჩანდა, ფაქტობრივად არავის ეკონტაქტებოდა და ძლივს მოვახერხე მასთან დაკავშირება. მისით ძალიან მაშინებდა ყველა. ინტერვიუზე მისულს კი რადიკალურად განსხვავებული სურათი დამხვდა – საკმაოდ თავისუფალი, ალალი, საოცარი იუმორის მქონე ადამიანი, თანაც საკმაოდ თავმდაბალი. მგონია, რომ ყველაზე ბუნებრივი, რაღაცნაირად „ადამიანური“ გადაცემა გამოვიდა.
– „სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო“, – რატომ გადაწყვიტეთ ამ გადაცემის მომზადება?…   რაიმე საინტერესო წინაპირობა ხომ არ უძღოდა ფილმს?
– სქემარქიმანდრიტი ვიტალი –  დღეს ამ სახელის წინაშე უამრავი ადამიანი ქედს ხრის. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ბერს მთელი საქართველო, რუსი და უკრაინელი მრევლი ევედრება შეწევნას. ბერი ვიტალი განსაკუთრებული მისიისა და უმძიმესი ღვაწლის მატარებელი იყო.  მან ბოლო ჟამის შეუდარებლად მძიმე პირობებში ბერმონაზვნური ცხოვრების გაგრძელება ღირსეულად შეძლო. მან ბერმონაზვნობის უმძიმესი ჯვარი მთელი ცხოვრების მანძილზე ატარა. მისი უპირველესი საქმე იყო ადამიანების დაახლოება ღმერთთან. მამა ვიტალი უსაზღვრო სიყვარულით ცდილობდა ყველა დაერწმუნებინა, რომ ღვთის სიყვარული ერთმანეთის სიყვარულში გამოიხატება.
მამა ვიტალის გარდაცვალების დღეს, ყოველ 1 დეკემბერს ბერის საფლავთან უამრავი ადამიანი იკრიბება. მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე დასასწრებად ჩამოდიან მამა ვიტალის მშობლიური რუსეთიდანაც.  ბერის სავანეში ამ დღეს უწყვეტ ნაკადად მიედინება რუსი და ქართველი ხალხის ნაკადი. ხალხი, რომლისთვისაც მის საფლავთნ ლოცვა დღემდე ფიზიკური და სულიერი სნეულებების კურნებისა და ნუგეშის წყაროდ არის ქცეული. დღეს, როცა ასე გართულებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, მამა ვიტალის შეწევნა ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ბერის ლოცვა, რომელიც დღემდე უყვარს როგორც რუს, ასევე ქართველ მორწმუნეებს.
ეს გახლავთ პირველი კინონამუშევარი ამ უჩვეულო ღვაწლმოსილი ბერის შესახებ.
დღეს მის სავანეს სქემმონაზვნები – დედა ირინე და დედა ევგენია უვლიან. სწორედ მათი იდეა იყო, რომ სატელევიზიო გადაცემა ან სიუჟეტი გაგვეკეთებინა მამა ვიტალის შესახებ. ჩვენი საერთო ახლობლის შუამდგომლობით დამიკავშირდნენ, მისგან იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი. 2008 წლის დასაწყისი იყო, მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ვმუშაობდი, „მოამბის“ კორესპონდენტად, პარალელურად დილის გადაცემაშიც („ალიონი“ ერქვა მაშინ). „მოამბის“ მთავარი გამოშვებისთვის მქონდა სიუჟეტი…. მოგეხსენებათ, საინფორმაციო გამოშვების 2–3- წუთიან სიუჟეტში ყველაფერს ვერ ჩაატევ ამ დროში… კარგა ხანს ვფიქრობდი ვრცელი ფილმის გაკეთებას მამა ვიტალის შესახებ. მოგვიანებით, უკვე მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მოვახერხე ამ ფილმის გაკეთება, რომელიც საავტორო სატელევიზიო გადაცემათა ციკლის – „ეპოქა და ადამიანი“, ფარგლებში განვახორციელე. აქ უკვე ყველა მნიშნელოვანი დეტალი მქონდა გამოჩენილი სქემარქიმანდრიტის ცხოვრებიდან…. სავანის დედებმა უამრავი ექსკლუზიური ვიდეო მასალა მომაწოდეს, რაც ბერის სასწაულებს ასახავს… ძალიან შთამბეჭდავი მასალაა. და მადლობა მათ ამისთვის.
ეს ფილმიც არაერთხელ დაჯილდოვდა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალებზე.
– ლექსების და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი ხართ…  წერა როდის დაიწყეთ? დაგვიწერეთ ერთი ლექსი ჩვენი პორტალის მკითხველებისთვის.
– ძალიან პატარა ასაკში დავიწყე წერა… პირველკლასელი ვიქნებოდი… და მას შემდეგ ყოველი დაწერილი ლექსი თუ ჩანახატი ჩემი სულის ბიოგრაფიაა,  თითოეულს თავისი ადგილი უკავია ჩემს გულში. ყოველი მათგანი ჩემი დიდი ოცნების პატარა ნაწილია, ჩემს გონებაში გაზრდილი, შემდეგ კი ლექსად ან მხატვრულ ფრაზად გადმოცემული.  კი, ხშირად არის წუთები, როცა სიტყვები გონებაში არ მიჩერდებიან და ვცდილობ, ისინი თეთრ ფურცლებზე გადმოვიტანო.
პირველი ლექსი დედას მივუძღვენი.. მისი დამსახურებაა, რომ ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა… ის, რომ არა არც წერას დავიწყებდი…. რატომღაც ეს ჩემი ბიოგრაფიის ის ნაწილია, რაზეც აქცენტის გაკეთება არასოდეს მიყვარდა. უცნაურია, მაგრამ არასოდეს მიყვარდა ჩემი ნაწერების გამომზეურება. იშვიათად თუ გადავაკითხებდი მხოლოდ დედაჩემს….. ამ ბროშურების გამოცემაც მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო…. მაგრამ ეს, ალათ კიდევ ერთხელ აღარ მოხდება….. რატომღაც იმიტომ არასოდეს ვწერდი, რომ ვინმეს წაეკითხა ან შეეფასებინა… ეს არის დეტალი, რაც მხოლოდ ჩემია….
– სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტად მუშაობდით. რამდენად თავისუფალია დღეს ჟურნალისტი საქართველოში?
– ვფიქრობ, საქართველოში დღეს ჟურნალისტიკის დონე საკმაოდ დაბალია. ჟურნალისტები გარკვეულწილად მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან და, აქედან გამომდინარე, მედიის თავისუფლების საკითხი საქართველოში მართლაც შემაშფოთებელი ხდება.
მრავალფეროვანი, დაბალანსებული, პროფესიული და პლურალური მედია, რომელიც პროფესიული ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებს ეფუძნება და მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლს ასრულებს, ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი კომპონენტია. და პირიქით, ასეთი მედიის არსებობა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანაშია შესაძლებელი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ფაქტებზე დამყარებული, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ჟურნალისტიკა უცხო რამ იყო ათწლეულების განმავლობაში.
მართლაც, უკვე დიდი ხანია ქართული მედიასივრცე მწვავე დებატებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ადგილია. ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემაა გადასაჭრელი.
ხშირად მედიასაშუალებები აღიქმება, როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მიკერძოებული წყაროები და არა როგორცინფორმაციის მიუკერძოებელი მიმწოდებლები. ამას დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში, სადაც სატელევიზიო არხი „რუსთავი 2“ აღიქმება, როგორც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. 2007 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს მოვლენების ეპიცენტრში იყო სატელევიზიო არხი „იმედი“, მიუხედავად იმისა, რომ ის დაარბია და დახურა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არც არის გასაკვირი, რომ დებატები ქართული მედიის შესახებ საკმაოდ მწვავე ხასიათს იღებს.
ჯილდოებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ყველა მიღწევას, წარმატებასა თუ  ჯილდოს თანაბარი მნიშნელობა აქვს ჩემთვის, მაგრამ ალბათ, უკრაინაში, კიევის მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „პოკროვ კინოს“ ჯილდო ფილმისთვის „სამთავროს დედათა მონასტერი“ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ყველაზე მეტად არ მოველოდი, ამ პრიზს იმიტომ რომ ჩემზე გაცილებით ასაკიანი და გამოცდილი რეჟისორები იყვნენ, ვისაც ასევე მთელი ცხოვრება აქვს ჩადებული ამ სფეროში. თანაც უმეტესი ჯილდოები რუს რეჟისორებს გადასცეს და, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ რაიმე სახის პრიზს მომცემდნენ, თუმცა მაინც მივიღე.
სხვათა შორის, საინტერესოა, როგორ მოხვდა ეს ფილმი ამ ფესტივალზე. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში, კენტის უნივერსიტეტში ინგლისური ენის კურსს გავდიოდი… როცა ელფოსტით რუსულენოვანი შეტყობინება მომივიდა შემდეგი შინაარსით, რომ ჩემი ნაშრომი სამთავროს მონასტრის შესახებ 900 დოკუმენტური ფილმიდან 30 საუკეთესო ნამუშევარში მოხვდა და რომ საკონკურსო ნაწილში იყო ჩასმული, თანაც ფესტივალის ფინალის დღეს. წერილში იტყობინებოდნენ ფესტივალის თარიღების შესახებ და მიბმულ ფაილებში იყო თბილისი–კიევი–თბილისის რეისის ავიაბილეთების ჯავშანიც. მართალი რომ ვთქვა, ვერც კი მივხვდი საერთოდ რაზე მელაპარაკებოდნენ, ან რა ფესტივალზე იყო ლაპარაკი… მშობლებთან დარეკვა რომ მოვახერხე და ამ მეილზე მოვუყევი, მერე მითხრეს, რომ მათ გაუგზავნიათ ფილმი.
ხშირად ხდება, ძალიანაც რომ ეცადო, ფინალის დღეს არ ხერხდება ფილმის ჩვენება, თანაც ამ ღონისძიებას უამრავი თანამდებობის პირი,  უკრაინის პირველი ლედი, კულტურის მინისტრი, პრემიერ – მინისტრი, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე მაღალი იერარქიიის სასულიერო პირები. შესაბამისად, ასეთ ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება თავისთავად უკვე დიდი მიღწევა იყო,  900 ფილმიდან  ჩემიც საუკეთესო ნამუშევრებში თუ მოხვდებოდა და საპატიო დიპლომსაც თუ მივიღებდი,  ვერ წარმოვიდგენდი.
ამჟამად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობთ… როგორ უთავსებთ ერთმანეთს შემოქმედებას და დაძაბულ სამუშაო გრაფიკს?
– იცით, როცა რაიმეს გულით აკეთებ, როცა რამის გაკეთება გულით გინდა, ამისათვის ყველაფერს აკეთებ და თავს არ ზოგავ. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივდება. უბრალოდ, ყოველი წუთი მაქვს გაწერილი, დასვენების დღე ძალიან იშვიათად მაქვს, თითქმის არასდროს და აი ასე, რაღაცნაირად ვახერხებ ჩემი დროის დაბალანსებას, რომ რღაცნაირად ყველაფერი მოვასწრო, რაც მაინტერესებს. არასოდეს მომწონდა საკუთარი დროის უზროდ გაფლანგვა.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი ხართ… ჟურნალისტიკაში კითხულობთ ლექციებს?
– დიახ, „ჟურნალისტიკის შესავალსა“ და „ტელეჟურნალისტიკის საფუძვლებს“ ვასწავლი.  ვცდილობ, თეორიულ მასალასთან ერთად  პრაქტიკული გამოცდილების შესახებაც მოვუყვე სტუდენტებს. სეუ ჩემი მეორე სახლია, არ მეგონა ამხელა სიამოვნებას თუ მივიღებდი საგანმანათლებლო საქმიანობით, სტუდენტებთან ურთიერთობით. ძალიან საინტერესო პროცესია. თანაც თითქმის ჩემი თანატოლები ჩემი სტუდენტები არიან,  მაქსიმუმ 3–6 წელი იყოს განსხვავება და შესაბამისად ბევრი რამ მესმის მათი.
ჰობი…
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მრჩება, ვცდილობ, ეს დროც ნაყოფიერად გამოვიყენო. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება დაყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. ჩემთვის ასეთი სასიამოვნო მომენტია ხატვა და ძალიან ხშირად ვხატავ, ან აუცილებლად ვკითხულობ წიგნებს. უამისოდ არც შემიძლია. და რა თქმა უნდა, ფიზიკური ვარჯიშები…. არც უამისოდ შეიძლება ყოფნა.
– სამომავლო გეგმები…
– ამ ეტაპზე ბეჭდვის პროცესშია ჩემი მონოგრაფია, სახელწოდებით: „მედია და პოლიტიკური კრიზისები“. ასევე აუცილებლად ვგეგმავ ჩემი საავტორო სატელევიზიო გადაცემათა ციკლის – „ეპოქა და ადამიანი“ ერთ-ერთი ტელევიზიის ბაზაზე განხორციელებას… ჯერ კიდევ უამრავი ღვაწლმოსილი ადამიანის შესახებ მაქვს ფილმის გადაღება დაგეგმილი. სამომავლო გეგმებშია კიდევ ერთი მოგზაურობა ლონდონში საკმაოდ ნაყოფიერი გრაფიკით და კიდევ უამრავი რამ, რაზეც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები