დანაშაულის პრევენციის ცენტრში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განაგრძობს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა, თათია ხოჭოლავამ თანამშრომლობის მემორანდუმი სამ ორგანიზაციასთან პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გააფორმა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. მემორანდუმის მიხედვით Hilfswerk Austria International, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და „მეწარმე ქალთა ფონდი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს. დოკუმენტს პარტნიორი ორგანიზაციებიდან ხელი მოაწერეს ნიკოლ მარია ბაუერმა, იულია ხარაშვილმა და მერი გელაშვილმა.
პროექტის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში მსჯავრდებულების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების რესოციალიზაცია, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახებისთვის ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლის შექმნა. პროექტში ჯამში 400 ბენეფიციარი ჩაერთვება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შიდა ქართლის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს.
პროექტის ფარგლებში, მხარეები ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებით, ერთად შექმნიან დამატებით ტრენინგებსა და თანამშრომლობის მოდელებს. პროექტის ბიუჯეტიდან გამომდინარე, დაგეგმილია სტაჟირების დაფინანსებითა და მცირე გრანტების გაცემის გზით ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმება.
როგორც ცნობილია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 2012 წლიდან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები