კახა კალაძემ მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა.
„ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ყოველდღიურად, რომ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაწუხებს“, – ასე შეაფასა თანაგუნდელი კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის, კერძოდ, ჩუღურეთის პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს და მათ გადაწყვეტას მისი გუნდის დახმარებითა და მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს. „ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, სკოლამდელი განათლების, სოციალური პროგრამებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, დედაქალაქში 12 ახალი ბაღი გაიხსნა. მიმდინარეობს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენს შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ. სპორტი და სპორტული ცხოვრება – ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჯანსაღი ცხოვრება ყველა თაობისთვის; განვითარება ყველა უბანში და არა მხოლოდ ცენტრალური უბნებისთვის; ძველი თბილისის – არა მხოლოდ კონკრეტული ქუჩების, არამედ მასშტაბური უბნების რეაბილიტაცია. მერიის პროგრამები გაგრძელდება მანამ, სანამ თბილისის თითოეული მცხოვრები შეძლებული და წელგამართული არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ლონდონის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა რიმა ბერაძემაც მიმართა, რომელმაც მმართველ გუნდსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. „ქართული ოცნების“ გუნდმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დამასახელა. ჩემთვის ორმაგი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს და რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კაპიტნობა. მან კარგად იცის, თუ რა სჭირდება დედაქალაქს და შეუძლია, თბილისი სიცოცხლის ქალაქად გადააქციოს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები