შიო ხეცურიანი: ზაზა ფაჩულიამ ოჯახზე წინ ნაკრები და ჩვენი ქვეყანა დააყენა

ყველა ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ზაზა საქართველოს ღირსების დასაცავად ბოლომდე არ დახარჯულიყო, მთელი სული და გული არ ჩაედო ნაკრების თამაშში, – ამის შესახებ ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. შიო ხეცურიანი აღნიშნული პოსტით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტნის ზაზა ფაჩულიას მიერ სანაკრებო კარიერის დასრულებას ეხმაურება.
„ზაზა ფაჩულია – 17 წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში! +2 წელი 16 წლამდე ნაკრები + 2 წელი 18 წლამდე ნაკრებში + 2 წელი ახალგაზრდულ ნაკრებში!!! ყველა ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ზაზა საქართველოს ღირსების დასაცავად ბოლომდე არ დახარჯულიყო, მთელი სული და გული არ ჩაედო ნაკრების თამაშში. ნაკრებში კარიერის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც უკიდურესი გაჭირვება იყო საქართველოში და არც ზაზას ოჯახი იყო მატერიალურად ძლიერი, 15 წლის ბიჭს თურქეთი სთავაზობდა ნახევარ მილიონ დოლარს მოქალაქეობის მიღებისთვის და მათ ნაკრებში ასპარეზობისთვის, ზაზამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, აირჩია საქართველოს ნაკრები.
B-დივიზიონის ერთი რიგითი გუნდი მასთან ერთად გახდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი ნაკრები. და აი უკვე ნაკრებში კარიერის დასრულებამდე 2 კვირით ადრე, როდესაც ფეხის ტრავმა მიიღო, „გოლდენ სტეიტმა“ მოსთხოვა გუნდში დაბრუნება და ამერიკელი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ აღდგენითი პროცედურების გავლა, ზაზამ უარი შეუთვალა გუნდს, აიღო პასუხისმგებლობა, რომ ტრავმას მიხედავდა და გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს დაემთხვა მისი მეუღლის Tika Alavidze-pachulia -ს მშობიარობის თარიღი და ამ შემთხვევაშიც კი, ოჯახზე წინ ნაკრები და ჩვენი ქვეყანა დააყენა, დარჩა ნაკრებთან და ღირსეულად დაიცვა საქართველოს სახელი.
სხვა ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ 17 წელიწადში მაგრამ, ერთ პოსტში ვერ დაეტევა. ჩემი, როგორც ქართველის და კალათბურთის გულშემატკივრის, პატივისცემა და მადლობა ამ ადამიანს!“, – წერს შიო ხეცურიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები