აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი დაიწყო

6-9 სექტემბერს აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი ჩატარდება, სადაც ნაჩვენები იქნება 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი (10 წუთამდე) ფილმი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აბაშის კინოფესტივალს ეწვევა 40-მდე უცხოელი მონაწილე (ბავშვები, ყმაწვილები და მათი პედაგოგები), საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ნორჩი კინემატოგრაფისტები (10-18 წლის ახალგაზრდები), მუშაობაში ჩაერთვებიან ადგილობრივი მოზარდები, რომლებიც უკვე სამი წელიწადია აბაშის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლაში ეუფლებიან კინოხელოვნებას და ქმნიან კინოპროდუქტს.
კინოფესტივალის პრიზია „ოქროს ბატიბუტი“, რომელიც გადაეცემა შვიდ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებსა და ნორჩ კინემატოგრაფისტებს.
კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან – ჟიურის თავმჯდომარე, კინორეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი (საქართველო) და ჟიურის წევრები: კინორეჟისორი და კინოდრამატურგი იური დაჩევი (ბულგარეთი) და კინოკრიტიკოსი ანა საევიჩი (პოლონეთი).
კინოფესტივალი 9 სექტემბერს, 18.00 საათზე, აბაშის კულტურის სახლში დაიხურება. ასევე გაიმართება საბავშვო-საყმაწილო მუსიკალური კოლექტივების კონცერტები, ქართული საბავშვო მხატვრული ფილმების ჩვენება და სხვა აქტივობები.
კინოფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები არიან – აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები