„მზად ვარ, ბოლო წვეთამდე დავიხარჯო“… – ხშირად ძალიან დაღლილი, მაგრამ მუდამ იმედიანი იზა ვეფხვაძე

„მე თქვენ მიყვარხართ“, – ასე ესალმება მეგობრებს ფეისბუქით თითქმის ყოველდღე… სიყვარული მისი ცხოვრების თანამგზავრია, ყოველი სპექტაკლიც ამ გრძნობით არის დამუხტული…  60 მდე საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი ავტორია. გმირს ორი კრიტერიუმით არჩევს – შეუვალი ღვაწლი და ქართველობით.   ამბობს, რომ თითეულმა გმირმა სამუდამოდ მის სულსა და გულში დაიდო ბინა
იმდენს ვფიქრობ და იმდენ დროს ვუთმობ ამ თეტრზე ფიქრს და ზრუნვას, რამდენსაც საკუთარ შვილს მე და ლიტერატურული თეატრი ერთად გავიზარდეთ   მაშინ, როცა თითქმის აღარავინ ახსენებს მამულს,  ეს სპექტაკლები ახალგაზრდებ მამულიშვილობის და კარგი ქართველობის რეალურ მაგალითს აძლევენ.
9 სექტემბერს საზღვრისპირა სოფელი ნიქოზი ელის მას და მის თეატრს. ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძართან არსებულ მეუფის რეზიდენციაში, მეუფე ისაიას ლოცვაკურთხევით, სპექტაკლი „მოყვასისთვის შეწირულები“ დაიდგმება. სპექტაკლი მიეძღვნება სახელოვან მამულიშვილებს: წმინდა გრიგოლ ფერაძეს, მიხეილ თამარაშვილს, მამა ილია კარტოზიას და პროფესორ იოსებ ჟორდანიას. სპექტაკლის დაწყებამდე შინდისში, აგვისტოს ომის დროს გმირულად გარდაცვლილი ვაჟკაცების ხსოვნას მიეგება პატივი...
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორის, სცენარისტის, რეჟისორისა და მსახიობის – იზა ვეფხვაძის პერსონა.

–   ხარაგაულში დავიბადე, იქვე დავამთავრე სკოლა. ყველაფერი, რაც ყველაზე საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, ხარაგაულს უკავშირდება. აქ გავატარე ყველაზე ბედნიერი წლები ბავშვობის, მოსწავლეობის… აქ ცხოვრობენ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები, ისინი, ვისთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, ჩემი მშობლები, პედაგოგები, თანაკლასელები, აქ დაიბადა ჩემი გოგონა, ჩემი მარიამი… არ შემიძლია, რაიმე მოგონება ცალკე გამოვყო, ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია ბედნიერი დღეებისა და წლებისა… მე ეს სიყვარული ხარაგაულისადმი მოგვიანებით იმით გამოვხატე, რომ 10 წიგნი ვუძღვენი ხარაგაულს და ხარაგაულელებს… ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი ჩემი ხარაგაულისთვის…
სულხანსაბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრეთ… რით იყო სტუდენტობა დასამახსოვრებელი? რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?
– სტუდენტობის წლები მეტად რთულ, მაგრამ ამაღლებულ და საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. 1985- 1990 წლები… ეს ის წლებია, როცა ეროვნული მოძრაობა ძალას იკრებს, განსაკუთრებული ერთობა იგრძნობა ქართველთა, როცა მამულის სიყვარულში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ეკლესიებში გაიზარდა მრევლი… ბედნიერი ვარ, რომ ამ მძიმე, მაგრამ ქართველთა ერთობის წლებში მეც ვიდექი რუსთაველის პროსპექტზე, გულანთებულ ქართველთა შორის და შორიდან, მაგრამ გულისფანცქალით ვისმენდი მერაბის, ზვიადის და სხვა გულმხურვალე პატრიოტების გამოსვლებს… მერე ყველაფერი აირია და აგერ, უკვე 3 ათეული წელია, სიყვარულით აღარ გვიცხოვრია….
– თქვენი მეორე პროფესია ჟურნალისტიკ. რაიონულ გაზეთ ხარაგაულის ჟურნალისტი, შემდეგ პასუხისმგებელი მდივანი იყავით… გაზეთ აღმზრდელის რედაქტორი რა მოგცათ ჟურნალისტად მუშაობის წლებმა?
– როდესაც ხარაგაულში დავბრუნდი, დავიწყე მუშაობა რაიონულ გაზეთში…გავიარე გზა კორექტორიდან პასუხისმგებელ მდივნამდე… ამ წლებმა დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობა შემძინა. მაშინ ჯერ კიდევ გაზეთობდა გაზეთი, ანუ იქ კრიტიკას და შექებას ჰქონდა გარკვეული ფასი… დღეს რაც გინდა წერე, პასუხისმგებლობას არავინ გრძნობს… შემდეგ პედაგოგიურ გაზეთ „აღმზრდელს” გამოვცემდი 1 წლის განმავლობაში. რეგიონში ჟურნალისტობა გაცილებით რთულია და რაც მთავარია, მეტი პასუხისმგებლობაა… ამ წლებში სერიოზულად გავიზარდე, როგორც პიროვნება. ამ წლებმა საკუთარ თავში მაპოვნინა ძალები, რომ უფრო გაბედული და მიზანსწრაფული ვყოფილიყავი.
–  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი ხართ 1995 წლიდან დღემდე… 20 წლის მანძილზე 60-მდე სპექტაკლი დაიდგა… როგორ დაარსდა თეატრი და თქვენი პირველი ნაბიჯები მსახიობობის გზაზე…
– ჩემ მიერ დაარსებული თეატრი უკვე 22 წლისაა. ეს თეატრი ჩემი სიცოცხლის და ცხოვრების უდიდესი ნაწილია… იმდენს ვფიქრობ და იმდენ დროს ვუთმობ ამ თეატრზე ფიქრს და ზრუნვას, რამდენსაც საკუთარ შვილს… შეიძლება ითქვას, რომ მე და ლიტერატურული თეატრი ერთად გავიზარდეთ… ამ წლების განმავლობაში 60 – მდე საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი დავდგი და თითოეულმა გმირმა ამ სპექტაკლისა სამუდამოდ ჩემს სულსა და გულში დაიდო ბინა… მე მათ ცოცხლებივით ვესაუბრები, ვეფერები… უთვალავი უძილო ღამე, განცდა და ემოცია ახლავს ყველაფერ იმას, რაც მაყურებლამდე მიმაქვს…
უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სპექტაკლის გმირები, ყველა მათგანის ცხოვრება გულის გულში მაქვს გატარებული…
სხვაგვარად, გულწრფელობის და სიყვარულის გარეშე, მაყურებელს ვერ მოხიბლავ, ვერ დააჯერებ, არ არის ადვილი, 2 საათი მაყურებელმა გისმინოს, თუ მას წრფელი გულით, წრფელი ემოციით და უდიდესი სიყვარულით არ ესაუბრები… ვთვლი, რომ ეს საქმე ჩემთვის  უფლის მიერ ბოძებულია  და მზად ვარ, ბოლო წვეთამდე დავიხარჯო..
– ხარაგაულის რაიონზე 4 ტომი გამოეცით, რომელიც არის ენციკლოპედიურპუბლიცისტური ნაშრომიხარაგაული. მასალებს სტუდენტობის წლებიდან აგროვებდით… სოფელ ფარცხნალზე ახლახან მშვენიერი წიგნი დაწერეთ და მიგაჩნიათ, რომ ეს სოფელი გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდეს… რატომ?
– ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჯერჯერობით 10 წიგნი გამოვეცი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. რაც შეეხება ფარცხნალს, ეს სრულიად უნიკალური მოვლენაა, სოფელი, რომლის 8 მკვიდრი პანთეონის ბინადარია და აქ დაბადებულმა ადამიანებმა საქართველოში მანამდე არარსებულ 6 მეცნიერებას დაუდეს სათავე… ამ პატარა სოფელმა 5 აკადემიკოსი და 40- ზე მეტი პროფესორი აღზარდა… დაუჯერებელი და შეუძლებელია, რომ მსოფლიოში მას ანალოგი გააჩნდეს…
ავტორი ხართ პუბლიცისტური გამოკვლევისა „გალაკტიონის ნატერფალები“… ფარცხნალში გალაკტიონის ცაცხვია, 1910 წლით დათარიღებული… რას ინახავს ხარაგაული გალაკტიონზე?
– დიახ, მქონდა ბედნიერება, გამომეცა კვლევა „გალაკტიონის ნატერფალები“, რომელიც გალაკტიონის პედაგოგიური მოღვაწეობის 1 წლის ქრონიკაა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში. ხარაგაული გალაკტიონის ბუმბერაზ ნაფეხურებს ინახავს და მის ჭაბუკურ ოცნებებს, მის რამდენიმე ლექსს და წერილს, რომელსაც 19 წლის ჭაბუკი უმშვენიერესი ბუნების წიაღში ჰქმნიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იგი მოხიბლული იყო პედაგოგობით… მას სხვა სივრცეები იხმობდა, უფრო ვრცელი, უფრო დიადი. ხარაგაულის მონატრებამ პოეტთა მეფეს ხარაგაულიდან წასვლის შემდეგ ულამაზესი ლექსი დააწერინა ხარაგაულზე და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 19 წლის გალაკტიონმა აკაკი წერეთელი პირველად ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე ნახა…
– ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სპექტაკლის გმირის ცხოვრებით ცხოვრობთ. როგორ არჩევთ სპექტაკლის გმირს და როგორია ეს  – გმირის ცხოვრებით ცხოვრება?
–  სპექტაკლების გმირები გამორჩეული ქართველები არიან, დიდებული მამულიშვილები, რომელთაც ხნული გააავლეს ქართულ მიწაზე. შერჩევის კრიტერიუმი ასეთია: შეუვალი ღვაწლი და ქართველობა, სცენაზე რომ ავალ, უნდა ავაცრემლო და აღვაფრთოვანო მაყურებელი ჩემი გმირის ცხოვრებით…
–  ერის ისტორიას პიროვნებები ქმნიან… ახალციხეში, რაბათში გაიმართა თქვენი სპექტაკლი რეზო თაბუკაშვილზე, სადაც მიხეილ თამარაშვილის ნათესავებიც მოვიდნენ. ბევრმა არ იცის  ისტორია,  როგორ მალავდა რეზო თაბუკაშვილი მიხეილ თამარაშვილის კუბოს… რატომ არის ფასეული ეს მოგონებები დღევანდელობისთვის?
– დღეს მოდაში აღარ არის სამშობლოს სიყვარული… თითქმის აღარავინ ახსენებს მამულს… სირცხვილიც კი გახდა გადაჭარბებულად სამშობლოს სიყვარული… რეზო თაბუკაშვილის მსგავსი ქართველების გახსენება სწორედ დღეს იმიტომაა ფასეული, რომ ახალგაზრდები მამულიშვილობის და კარგი ქართველობის რეალურ მაგალითებს ვეღარ ხედავენ, სიყვარული იშვიათდება და მცირდება რკალი მამულიშვილებისა…
–  საყვარელი მწერალი…
– არაერთი საყვარელი მწერალი მყავს, მაგრამ რაღა შორს წავიდე, როცა ცოცხალი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი გვყავს, კაცი, რომელიც სიტყვით და საქმით გვარწმუნებს, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს”…
– ეროვნული პროექტები დღეს ნაკლებად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ… თუნდაც თქვენი პროექტი „ჩემი საქართველო აქ არი“ ქველმოქმედი ადამიანების იმედადაა დარჩენილი… რატომ? არადა, ამ სპექტაკლებს ახალგაზრდობა უნდა ისმენდეს…
–  სამწუხაროდ, დღეს ეროვნულობა არავის აინტერესებს, ამის გამო არავინ წაგახალისებს, კიდევ კარგი, რომ არსებობენ ჯერ კიდევ ერთეული ქართველები, რომლებიც გვერდით უდგანან ქართულ საქმეს. უთვალავი კითხვის ნიშანია, ძნელია პასუხის გაცემა იმაზე, რატომ არ უნდათ ეროვნული, ქართული პროექტები, როცა სკანდალებზე თავპირის მტვრევით მირბიან ჩვენი ტელევიზიები…
– თქვენი სპექტაკლებიდან ყველაზე უფრო მეტად რომელი გიყვართ?
–  ვერ გამოვარჩევ, როგორც დედა ვერ გამოარჩევს შვილს… ყველა სპექტაკლი ჩემი ნაწილია და რამდენჯერაც არ უნდა აჩვენო, ისე განვიცდი, თითქოს პირველად ვიდგე სცენაზე…
–  კონკურს „ოდეონის“ დამფუძნებელი ხართ. ამ კონკურსმა ნიჭიერი მწერლები გამოავლინა. ფარცხნალში მხატვრების პლენერიც ჩაატარეთ… რა არის ამ კონკურსის მიზანი?
– დიახ, ამ ლიტერატურულმა კონკურსმა, მართლაც, მრავალ ავტორს მოუტანა სიხარული და რაც მთავარია, „ოდეონი” სიყვარულის და მეგობრობის კონკურსი უფროა, განსხვავებით საქართველოში კარგად ნაცადი დაპირისპირება – შუღლით ცნობილი კონკურსებისა. 12 წლის მანძილზე ერთი უბრალო უსიამოვნებაც არ ყოფილა ავტორებს, ორგანიზატორებსა და ჟიურის შორის. „ოდეონელობა“ ეს უფრო ტიტულია, ვიდრე კონკურსი…
კონკურსიც და სამხატვრო პლენერიც სიყვარულის განვრცობას ემსახურება და, ბუნებრივია, საუკეთესო ავტორების გამოვლენა- წახალისებას…
– თქვენი აზრით, რა არის ქართული სოფლის უწინარესი საწუხარი?
– სოფლები დაიცალა. სახლები გამოიკეტა, სოფელში ახალგაზრდობა თითქმის აღარააა… სამწუხაროა, მაგრამ დაბერდა ქართული სოფელი… ახალი სისხლია საჭირო, რომ კვლავ გაცოცხლდეს. ამას კი ხელისუფლების მხრიდან დიდი ხელშეწყობა სჭირდება…
– როგორია იზა ვეფხვაძე ოჯახში?
– ძალიან ჩვეულებრივი, უთვალავი საზრუნავით და საფიქრალით… ხშირად ძალიან დაღლილი, მაგრამ მუდამ იმედიანი…
–  რომელი ყვავილი გიყვართ?
– მინდვრის ყვავილებზე ვგიჟდები…
თავისუფალი დრო თუ გაქვთ და რას აკეთებთ?
– თავისუფალი დრო, არ ვიცი, როგორ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, დროის დეფიციტი მაქვს მუდამ, სულ ვწუწუნებ, რომ დრო არ მყოფნის…
– გვიამბეთ ოჯახზე…
– ბედნიერი ვარ, რომ მყავს მშობლები… უკვე ასაკში არიან, მაგრამ ოჯახის ბურჯები… მყავს ერთი ქალიშვილი –  მარიამ გაჩეჩილაძე, ძალიან კარგი სიძე და თვალხატულა შვილიშვილი – ანა.
–  საზღვრისპირა სოფელი ნიქოზი თქვენი სპექტაკლისთვის ემზადება, რომელიც მეუფე ისაიას რეზიდენციაში ჩატარდება… რატომ გადაწყვიტეთ ნიქოზი და რას გვეტყვით მეუფე ისაიაზე და მის სკოლაზე?
–  დიდი პასუხისმგებლობაა ნიქოზში სპექტაკლის გამართვა, რა არ გადაიტანა ამ სოფელმა და ეპარქიამ, მეუფე ჩვენი დროის გმირია, ჯერ კიდევ ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო…
– ვინ არიან ის ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან თქვენს თეატრს?
– არ იფიქროთ, რომ რომელიმე მათგანი დიდი კაპიტალის მქონეა. ისინი თავიანთი მცირე შემოსავლიდან აკათებენ დანაზოგს, რათა თავთავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ ქართული საქმის მიმართ.
ჩვენი ბოლო პროექტის ფარგლებში თეატრს გადაადგილებაში დაეხმარა ცნობილი ბარიტონი, ამჟამად იტალიაში მოღვაწე მამუკა ლომიძე, ასევე წარმოშობით ხარაგაულელი, კარგი ახალგაზრდა bაქარ დევდარიანი, ცნობილი მთამსვლელის იაგორა კაზალიკაშვილის ქალიშვილი, ნინო კაზალიკაშვილი…
გაგიკვირდებათ და, ჩვენს ხელშემწყობებს შორის არცერთი არ არის მდიდარი ადამიანი… მდიდრებს ასეთი საქმეებისთვის არ სცალიათ.
– სამომავლო გეგმები…
– უახლოეს პერიოდში მაყურებლის წინაშე წარვდგებით პრემიერით, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირს – ჟიული შარტავას.
– ჯილდოებიდან ყველაზე მეტად რომელი ჯილდო გიყვართ?
– ძნელია გამორჩევა… როდესაც ღირსების ორდენი მივიღე, ყველაზე ახალგაზრდა ორდენოსანი ვიყავი. მრავალი ჯილდო არ მაქვს, მაგრამ სიყვარულის ნიჭია ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები