გიგლა აგულაშვილი: არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ

 

გარემოს დაცვის მინისტრი ხანძრის დროს დაღუპული ცხოველების და ფრინველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, როგორც გიგლა აგულაშვილი განმარტავს მეხანძრეებს დახოცილი ცხოველი ან ფრინველი არ უნახავთ.

„ძირითადი არეალი ხანძრის გავრცელების არის 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორია. ცეცხლი, რომელიც ახლა აქ ანთია, ძირითადად, უკიდია გამხმარ ბალახს.

მოშიშვლებულ ფერდობზე არის ცეცხლი, რომელსაც აღვივებს ქარი, მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენებმა იმუშავეს. გვერდზე არის ფოთლოვანი და წიწვოვანი საფარი და მას ხანძარი ვერ ერევა და იმედი მაქვს, ვერც მოერევა.

ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორი კლიმატური პირობები გვექნება. ქარი მასზე კარგად ვერ მოქმედებს. რაც შეეხება ცხოველებს, მაგალითად, დათვებს დასახლებულ პუნქტთან, თან გადამწვარ ტერიტორიასთან არ ექნებოდათ ბინა და ისინი აუცილებლად დააღწევდნენ თავს ხანძარს. ასევე დააღწევდნენ თავს ირმებიც.

შეიძლება ვივარაუდოთ შველის არსებობაც, მაგრამ არა იმხელა რისკებზე, რომ მათ განადგურებაზე ვიფიქროთ. აქ, სავარაუდოდ, განადგურდებოდა მობუდარი ფრინველების ბუდები, მაგრამ ფრინველები მოახერხებდნენ გადაადგილებას, რისკის ქვეშ დარჩებოდნენ რეპტილიები და წვრილი ძუძუმწოვრები და სავარაუდოდ, მათი ნაწილი განადგურდა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინება, როცა სპეციალისტები ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შევლენ ტერიტორიაზე და ჩაატარებენ კვლევას. ჯერ მეხანძრე-მაშველებს არც ერთი დახოცილი ცხოველი ან ფრინველი არ უნახავთ და რომ ენახათ, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები