ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ჩეხეთის რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური დირექტორატის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტი „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა და ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა მილან პუოლიჩეკომ მოაწერეს.
 
„საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კინოლოგიური სამსახურის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს ნარკოტიკული საშუალებებისა და თამბაქოს კანონდარღვევით შემოტანის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას.
 
პროექტის მომდევნო ეტაპზე, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კონტროლის ყველა პუნქტში შესაბამისი კინოლოგიური ცენტრების ამოქმედება იგეგმება.
 
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) კოორდინატორები ესწრებოდნენ.
 
ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი დაათვალიერეს და საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ, საეჭვო ნივთების აღმოჩენის წვრთნის პროცესს დასწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები