ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით განვითარებით, მშვიდობით, თანამიმდევრულობით და სიმტკიცით

„ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ განვითარებით, მშვიდობით, თანამიმდევრულობით და სიმტკიცით“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა,  ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში განაცხადა.

უფასო სამედიცინო აქცია, რომელშიც სახელმწიფო მინისტრმა მიიღო მონაწილეობა,   ახალუბნის საბავშვო ბაღში ჩატარდა. ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვისა და მუმლაანთკარის მოსახლეობას სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ სხვადასხვა პროფილის 10-მა ექიმმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევებისთვის პაციენტების „გორმედში“ ასევე უფასოდ  გადაყვანის და გამოკვლევების მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რეანომობილი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება. მავთულხლართების პირისპირ მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, რადგან მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის უფასო სამედიცინო აქციების განხორციელებას. ვფიქრობ, ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ამჯერად ამ საქმეში გვერდით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სამედიცინო ცენტრი „გორმედი“ დაგვიდგა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივებსაც ესაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო აგრძელებს მათი საჭიროებების მოგვარებაზე მუშაობას. ქეთევან ციხელაშვილმა.  მოკლედ შეაჯამა ის სამუშაოებიც, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა.

„კომისიის ოთხწლიანი მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი პოექტები განხორციელდა. კერძოდ, გაზიფიცირდა ყველა სოფელი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყლის მიწოდება. მიმდინარე თვეში ჩატარებული ტენდერის შედეგად აშენდება დამატებით კიდევ 17 ჭაბურღილი და ამ სოფლებში წყლით მომარაგების პრობლემა თითქმის, სრულად მოგვარდება, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ინტერესია. ასევე, ამ სოფლებიდან ყველა სტუდენტის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. ხორციელდება არაერთი პროგრამა სოფლის მეურნეობის სფეროში, მოეწყო და აშენდა 20 ამბულატორია. ჩვენი ამოცანაა, ეს რეგიონი განსაკუთრებით განვითარდეს, რადგან  სწორედ  ამ მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი საკუთარ მიწაზე დამაგრება, ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა არის ჩვენი ერთ-ერთი პასუხი 9 წლის განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციებზე. ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით განვითარებით, მშვიდობით, თანამიმდევრულობით და სიმტკიცით, პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანების სიმტკიცით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამედიცინო აქცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ ორგანიზებით, შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.

17 ივნისს, უფასო სამედიცინო აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კომპანია „ავერსის“  მხარდაჭერით  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში სოფლების – ავლევის,  ცერონისის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობისთვის გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები