სახალხო დამცველი ალექსანდრე ჯეჯელავას სამტრედიის N15 საჯარო სკოლის საკითხზე რეკომენდაციით მიმართავს

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამტრედიის N15 საჯარო სკოლის არსებული მოდელის შეცვლისა და არსებული რეფორმის განხორციელებისთვის”, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას სსიპ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. როგორც ”კვირას“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად უდევს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და მოწვეული ექსპერტ-ფსიქოლოგის მიერ, სსიპ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს არასრულწლოვანთა აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსების მიზნებს.
”საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრულად დაცვის, მათთვის შესაბამისი სოციალური და ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფის, რესოციალიზაციის, პიროვნული განვითარების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის უფლებით სარგებლობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამტრედიის N15 საჯარო სკოლის არსებული მოდელის შეცვლისა და არსებული რეფორმის განხორციელებისთვის”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აღნიშნულ სკოლაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათი საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აუცილებელია, შემუშავდეს ბენეფიციართა მომსახურების ტექნიკური რეგლამენტი და ზრუნვის სტანდარტი, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს ბენეფიციართა რესოციალიზაციის დეტალური, ზოგადი და ინდივიდუალური გეგმები, სადაც გაიწერება კონკრეტული შემეცნებითი, განმავითარებელი, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა საქმიანობები; გარდა ამისა, ომბუდსმენის შეფასებით, ბავშვების პანსიონში განთავსებამდე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და ყოველმხრივ უნდა შემოწმდეს ბავშვების მიმართ მსგავსი უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მიზანშეწონილობა და დასაბუთებულობა, ამასთან, მიეცეს ბავშვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები