ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებზე აღბეჭდილი პიროვნების შესახებ განცხადებას ავრცელებს 

ბოლო პერიოდში სოციალური მედიის მეშვეობით მომხმარებლები პიროვნების ფოტოებს ავრცელებენ, რომელიც გამვლელებს თავს აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ და მაიორად  აცნობს, ატარებს სამხედრო ჩაცმულობას და ითხოვს მოწყალებას.

ამასთან დაკავშირებით, უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია დათო გიორგაძე. იგი სისტემატურად ჩნდება თეატრებთან, კინოთეატრებთან, საკონცერტო დარბაზებთან, დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში, მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასევე საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებზე, გასვენებებში და ა.შ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დათო გიორგაძის  მიერ  მოქალაქეებისათვის მოთხრობილი ინფორმაცია მისი აფხაზეთის ომში მონაწილეობის შესახებ არის მტკნარი სიცრუე. იგი არასოდეს ყოფილა საომარ მოქმედებებში ჩართული, მას არ მიუღია არცერთი ჭრილობა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის წარმოებულ არცერთ ბრძოლაში. იგი არ ფიქსირდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და რაც მთავარია, არ ფიქსირდება აღნიშნული კონფლიქტების მონაწილე  დათო გიორგაძე მაიორის სამხედრო  წოდებით.

დათო გიორგაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული და რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებს უარი განუცხადა ვეტერანის სტატუსთან დაკავშირებული ეტაპების გავლაზე, რაც რეგულირდება შესაბამისი კანონით და მოითხოვს  მტკიცებულებებს და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ მოწყალების თხოვნა მისი ცხოვრების და შემოსავლის მიღების წესია და საომარი კონფლიქტებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი მოგონილია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის სხვადასხვა გზით გავრცელებისაგან, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებით ილახება ჭეშმარიტ ვეტერანთა ღირსება და ინტერესები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოქმედებს კანონმდებლობის, კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში და ყოველთვის იქნება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესების სადარაჯოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები